სუპერლიგის ჩემპიონ ქუთაისი 2010-ს მცირედი დააკლდა, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დანიის ჩემპიონ “ბაკენ ბეარსთან: 80:76 იგებდა, იმერული კლუბის უკანახაზელი, ტაირი ბოიკინი კი 2 საჯარიმოს ესროდა. ბოიკინმა ორივე სროლა ააცილა, შემდეგ კი თამაში ისე წავიდა, რომ ქუთაისელებმა ბურთი ბურთზე მიიღეს, შეტევაში კი ვერაფერი იხეირეს და შეხვედრა 81:84 დათმეს.
ქუთაისს რომ მოეგო, ეს იქნებოდა ქართული კლუბის პირველი გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც შარშან თავად ქუთაისი, შარშანწინ კი თსუ გამოდიოდა. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო წრეში (ნახევარფინალში) გავიდოდა და შეხვდებოდა კოსოვოს ჩემპიონ “ტრეპცასა” და ნიდერლანდების ჩემპიონ “დენ ბოსხს” შორის გამარჯვებულს.
შეხვედრაში ქუთაისელთაგან 27 ქულით ბომბარდირი გახდა დეტრეკ ბრაუნინგი. 21 ქულა ბოიკინმა მიითვალა, მარკუს გილსონის ანგარიშზე 9 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. მეოთხე ლეგიონერმა, ჯავიონ ოგუნიემმა მატჩი 10 ქულით, 8 მოხსნითა და 3 ჩაჭრა-პასით დაასრულა. პრობლემაც ის გახლავთ, რომ ქუთაისელთა გამწევი ძალა ლეგიონერებია. საქართველოს ჩემპიონი, რომელმაც ევროთასზე უნდა იასპარეზოს, ქართველი მოთამაშით ვერ გაძლიერდა. არადა, დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა, რომ ევროპულ საშუალო საკლუბო დონემდე ქუთაისს ბევრიც არ აკლია. ასე და ამგვარად, ქუთისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ მოხვდება და მომავალ სეზონში ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს.
ქუთაისი ბულგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და ასპარეზობას დუდუ დადიანის მემორიალში მიიღებს, რომელიც სტარტს 26 სექტემბერს აიღებს.
