ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 24-ე ტურში „შანდუნი“ სტუმრად „შანხაი შენხუას“ შეხვდა და ქართველი შემტევი ნახევარმცველის წყალობით ქულა აიღო.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ყაზაიშვილმა 37-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, ყაზაიშვილმა მეტოქის საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლის დროს ბურთი მკერდით დაამუშავა და კარში გადაგზავნა – 2:2.
85-ე წუთზე „შანდუნის“ ფეხბურთელების პრესინგის შემდეგ, მასპინძელთა მცველმა შეცდომა დაუშვა, რითაც ყაზაიშვილმა ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ჰეთ-თრიქი მიითვალა – 3:3.
მან ბოლო 7 შეხვდრაში 14 გოლი გაიტანა, ხოლო საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩინეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში ლიდერობს. „შანდუნი“ 50 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





