იანისის შოუ და საქართველოს მერვედფინალი!

0
17

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ევრობასკეტ2025-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ჩვენებმა ბოსნიასთან დასანანი მარცხი იწვნიეს და ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპირველობის გადამწყვეტ ეტაპზე მოხვედრის საქმეს კითხვის ნიშანიც დაუსვეს, მაგრამ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველსავე ტურში აწ უკვე კონტინენტის ყოფილი ჩემპიონის ესპანეთის 14 ქულიანი დამაჯერებელი ძლევის შემდეგ გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ 2017 და 2022 წლების ევრობასკეტებზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ლიმასოლში ნავსს გავტეხდით და კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოვხვდებოდით. ასეც მოხდა – ჯგუფური სტადიის ბოლო მატჩში საბერძნეთმა ესპანელებს სძლია და რიგაში „გაგვიყოლა“.
ალეკსანდრ ჯიკიჩის წინამძღოლობით კვიპროსში მთლიანობაში ჩვენები ურიგოდ არ გამოსულან. ესპანელთა დამარცხების გარდა, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი გააცამტვერა, ტოლ-სწორად ეთამაშა მეტად ძლიერ იტალიას – ჯანმარკო პოცეკოს გუნდთან გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მატჩის მიწურულს გაირკვა. ნაკლებად გაგვიმართლა ბოსნიელებთან დაპირისპირების დროსაც. მეოთხე მეოთხედში ანგარიში ორჯერ გავათანაბრეთ, თითქოს ინიციატივამაც ჩვენ მხარეს გადმოინაცვლა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ხელსაყრელი მომენტი გავუშვით ხელიდან, ბოსნიამ კი საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩვენების სერბ დამრიგებელს ვკითხეთ, სპორტულ ფორტუნას მოწყალე თვალით რომ გადმოეხედა, იტალიის და ბოსნიის დამარცხებას თუ შევძლებდით. ჯიკიჩმა დელიკატურად გვიპასუხა, იღბალი თუ უიღბლობა სპორტის შემადგენელი ნაწილი რომაა და ვნახოთ, როგორ დასრულდება საბერძნეთისა და ესპანეთის შეხვედრაო…
დაიწყო თუ არა ელადელთა და პირენელთა დაპირისპირება, ცხადი გახდა, სერჯიო სკარიოლოს შეგირდები იანის ანტეტოკუნმპოს შემჩერებლები რომ არ იყვნენ. ბერძნები თავიდანვე საგრძნობლად დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, მეოთხე პერიოდში ესპანელები რამდენჯერმე წინ რომ გავიდნენ, საბოლოოდ ყველაფერი ბერძენთა და ჩვენ სასიკეთოდ დასრულდა.
ჯგუფში ბერძენთა პირველი და ჩვენი მეოთხე, საპლეიოფე ადგილი დიდწილად იანის ანტეტეკუნმპოს დამსახურებაა. საკალათბურთო სუპერვარსკვლავმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა (25 ქულა, 14 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა) და უკვე მერამდენედ დაამტკიცა ნამდვილი საკალათბურთო მეგავარსკვლავი რომაა.
საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის საგზური დამსახურებულად მოიპოვა – თუკი ერთადერთი მოგებით შვედეთი კონტინენტის 16 საუკეთესოთა შორის მოხვდა, საქართველომ „სიკვდილის ჯგუფში“ ორ შეხვედრაში იმარჯვა და მერვედფინალშია!
7 სექტემბერს რიგაში წლევანდელი ევროპირველობის ერთ-ერთ ფავორიტს საფრანგეთს შევხვდებით…

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას