საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო. E ჯგუფის პირველ შეხვედრაში ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა საკმაოდ მაღალი დონის თურქეთს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
მატჩამდე ფეხბურთიდან ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გააცილეს, რომელსაც ჩვენ ეროვნულ გუნდში 62-ჯერ უთამაშია. მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა 62-ნომრიანი მაისური გადასცა.
ფრანგმა სპეციალისტმა ჩვენი ნაკრების ხუთმცველიანი ტაქტიკიდან ოთხმცველიანზე გადააწყო: დაცვის ცენტრში გურამ კაშია და საბა გოგლიჩიძე დაწყვიკდნენ, მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძე აკონტროლებდა, მარცხენა – ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდნენ, მარჯვნიდან გიორგი წიტაიშვილი თამაშობდა, მარცხნიდან – ზურიკო დავითაშვილი. თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის დუეტი იყო.
მატჩის მე-3 წუთზე ოთარ კაკაბაძემ თავის ნახევარზე უკან პასი საბა გოგლიჩიძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და კუთხური დაინიშნა. სტანდარტული გიულერმა შეასრულა და მიულდურმა თავით ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე მექვაბიშვილმა ბურთი თავის საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და გიულერის დარტყმულს გოგლიჩიძე გადაეფარა.
41-ე წუთზე თურქების შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ჩვენს საჯარიმოში ქაოსი შეიქმნა და საბოლოოდ აკტურკოღლუს დარტყმული ბურთი კაკაბაძეს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
52-ე წუთზე კაშიამ თავის ნახევარზე ბურთი აკგუნს „ჩააბარა“, რომელმაც გიულერთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, კარის წინ აკტურკოღლუ მოძებნა, რომელსაც დუბლი შესრულება არ გაჭირვებია.
71-ე წუთზე ილმაზი მოედნის ცენტრში ქოჩორაშვილს ეუხეშა და მსაჯმა ეპიზოდის VAR-გადამოწმების შემდეგ, თურქი ფეხბურთელი გააძევეს. ამასთანავე იტალიელმა არბიტრმა წითელი ბარათი სანიოლს აჩვენა.
63-ე წუთზე დავითაშვილმა ჩვენი ნახევრრიდან დაიწყო რეიდი და სტუმართა საჯარიმოში გახსნილი მექვაბიშვილი მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, თუმცდა დავითაშვილმა დაამატა და ერთი ბურთი გაქვითა.
მე-80 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა აზაროვმა პასი კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში თურქების ნახევარზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან დაარტყა, ხოლო თურქებსი მეკარის მოგერიებულ ბურთს ქართველებიდან ვერავინ დაამატა. ცოტა ხანში, კვარაცხელიას მსგავსი გარღვევისა და დარტყმის მერე, ბურთი კარს მცირე მანძილიდან აცდა. კვარაცხელიას მეოთხე ცდა წარმატებული აღმოჩნდა, როდესაც საჯარიმოში მყოფი გადაცემას აკეთებდა, მაგრამ მცველის ჩაჭრილი ბურთი უკან დაუბრუნდა და ძლიერი დარტყმით გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთზე თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ დავითაშვილის დარტყმულის მერე, ჩაკირიმ ნახტომში თურქები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს, რომელმაც ესპანეთთან 0:3 წააგო. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – თურქეთი 2:3 (0:2)
4 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო: მამარდაშვილი; კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 85), გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი (აზაროვი 69); წიტაიშვილი, (გაგნიძე 46), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (გულიაშვილი 81), დავითაშვილი; კვარაცხელია; მიქაუტაძე
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
თურქეთი: ჩაკირი; მიულდური, დემირალი, ბარდაკჩი, ელმალი; ჩალჰანოღლუ, იუკშეკი (კოკჩუ 46); აკგუნი (აიდინი 66), გიულერი (კაჰვეჩი 86), ილდიზი (კადიოღლუ 79); აკტურკოღლუ (ილმაზი 66)
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 0:1 მიულდური (3), 0:2 აკტურკოღლუ (41), 0:3 აკტურკოღლუ (52), 1:3 დავითაშვილი (63), 2:3 კვარაცხელია (90).
გაფრთხილება: იუკშეკი (21), ლოჩოშვილი (39), კაკაკბაძე (40), ქოჩორაშვილი (73), ილდიზი (74), მიქაუტაძე (90), ჩალჰანოღლუ (90).
გაძევება: ილმაზი (71).
მთავარი მსაჯი: დავიდე მასა (იტალია).
ლაშა თაბაგარი
