საქართველოს რეკორდები, შერმადინის გადაწყვეტილება და ბოსნიასთან მატჩის მოლოდინი

0
23

საქართველოს ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტზე მეორე გამარჯვებას რომ მოიპოვებდა, ტურნირის მასპინძელ კვიპროსთან შეხვედრის დაწყებამდეც ეჭვგარეშე იყო. ასეც მოხდა – ჩვენებმა 93:61 იმარჯვეს  და ევროპირველობებზე ასპარეზობისას ერთბაშად რამდენიმე რეკორდიც გააუმჯობესეს რეკორდები გააუმჯობესა. 32-ქულიანი გამარჯვება ჩვენი ნაკრებისთვის ევრობასკეტებზე რეკორდულია. ამასთან, ევროპის ჩემპიონატის მატჩში 15 სამქულიანი არასდროს ჩაგვიგდია. რეკორდულია ასევე შედეგიანი გადაცემები, რამაც 26 შეადგინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 26 წუთში 27 ქულა, 4-4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ხუთიდან ხუთივე სამქულიანი ჩააგდო, რაც საქართველო ნაკრების კალათბურთელებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული შედეგია.
აქვე უნდა გამოვარჩიოთ ნაკრების ბოლო ოცწლეულის უცვლელი წევრის გიორგი შერმადინის მიღწევაც. ეროვნული გუნდის მეფარემ ევროპირველობებზე მოპოვებული ქულების რაოდენობით მანუჩარ მარკოიშვილს გადაასწრო და ქართველთაგან მხოლოდ ლეგენდარულ ოთარ ქორქიასა და თორნიკე შენგელიას ჩამორჩება. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი შენგელიამ სასიხარულო ამბავი გვამცნო. მოგეხსენებათ, შერმადინს სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე ჰქონდა გაცხადებული, თუმცა გიორგიმ ეროვნული გუნდიდან წასვლა გადაიფიქრა და გუნდთან ერთად ნოემბერში, მსოფლიო პირველობის შესარჩევ მატჩებში (უკრაინასთან და ესპანეთთან) ითამაშებს.
ნამატჩევს თავად შერმადინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „გილოცავთ გამარჯვებას. კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისევე შეტევაში. ამ მომენტიდან უკვე შემდეგ მატჩზე ვიწყებთ ფიქრს. ყველაფერი ბოსნიასთან თამაშის შემდეგ გადაწყდება. იმედია, რომ გაწეული შრომა დაგვიფასდება და პლეი ოფში გავალთ“.
ჩვენს ეროვნულ გუნდს ჯგუფში დარჩენილი ერთი შეხვედრა ბოსნიასთან აქვს და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში გარანტირებულად გადის. ამასთან, თუკი დასკვნით ტურში საბერძნეთი ესპანეთს დაამარცხებს, ბალკანელებთან წაფორხილების შემთხვევაშიც საქართველოს ნაკრები რიგაში მერვედფინალის ჩასატარებლად გაემგზავრება.
ლიმასოლში მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი იტალიასა და ესპანეთს შორის შედგა. შეხვედრის უმეტესი ნაწილი წინ პირენელები იყვნენ, მაგრამ ჩემი აზრით აპენინელებს წლევანდელ ევრობასკეტზე სერჯო სკარიოლოს მოთამაშეებზე უკეთესი კალათბურთელები ჰყავთ და ამიტომაც ჯანმარკო პოცეკოს გუნდის მოგება დიდწილად კანონზომიერადაც კი მოსჩანს.
და კიდევ ერთი. ფიბამ კვიპროსში ევრობასკეტის ჩატარებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო  მასპაინძელთა ნაკრები ხომ სუსტი გუნდია და არც ადგილობრივი მაყურებელი გამოირჩევა კალათბურთისადმი დაინტერესებით. სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ იტალიისა და ესპანეთის საინტერესო ასპარეზობის მსვლელობისას ლიმასოლის სპიროს კიპრიანუს არენის ტრიბუნები მხოლოდ სანახევროდ შეივსო…
ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადამწყვეტ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან 4 სექტემბერს ჩაატარებს.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას