გმირი

0
18

საქართველოში ბოლო ათწლეულებში პრაქტიკულად ყველა ნიჭიერი და იმედისმომცემი მოთამაშე აცხადებდა, რომ მისი ოცნება წამყვანი საფეხბურთო თუ საკალათბურთო ლიგაში კონკრეტულად რომელიმე კლუბში თამაში იყო. თორნიკე შენგელია კი ადრეული ასაკიდან დაუფარავად აცხადება, რომ სანუკვარი მიზანი საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში გახლდათ. თოკომ საწადელი აიხდინა და ნაკრების არამარტო წევრი, მისი უპირობო ლიდერი და გამარჯვებათა სულისჩამდგმელი გახდა. ამის დასტურად ქართველ ქომაგებს არგუმენტების მოყვანა არ სჭირდებათ, თუმცა, მათ მაინც შევახსენებთ თორნიკე შენგელიას მიერ გავლილი შთამბეჭდავი კარიერის გამორჩეულ მომენტებს.
საქართველოს ნაკრებმა პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს ლიეტუვაში იასპარეზა და თოკომ სასტარტო შეხვედრაში, ბელგიელებთან 81:59 მოგებულ მატჩში 13 ქულა გააკეთა. ტურნირის მეორე ეტაპზე გადასასვლელი გადამწყვეტი შეხვედრა უკრაინელებთან გვქონდა, რომელიც 69:53 მოვიგეთ, შენგელიამ კი 12 ქულითა და 7 მოხსნით გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
2015 წლის ევრობასკეტზე ქართველებმა შეჯიბრების მასპინძელი ხორვატია 71:58 დავამარცხეთ, თორნიკეს ანგარიშზე კი 11 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაირიცხა.
2017 წელს ილიას ზუროსის დამრიგებლობით საქართველოს ნაკრებმა ათენში მეტად პრესტიჟული შეჯიბრება აკროპოლისის თასი მოიგო. ქართველებმა ჯერ ბერძნებს ვძლიეთ, შემდეგ სერბებს და საპატიო პრიზი გაინაღდეს. ამ ტრიუმფულ თამაშებში შენგელიამ ორივეჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა – ელადელებთან 14 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ბალკანელებს კი 21 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი შეუსრულა.
მანამდე იყო ევრო2017-ის საკვალიფიკაციო მატჩი სლოვაკეთთან, რომლის მსვლელობისას თოკომ 15 წუთის განმავლობაში 24 ქულა დააგროვა.
უშუალოდ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ლიეტუვას და ტურნირის მასპინძელ ისრაელს სძლია. ბალტიისპირელებს შენგელიამ 29 ქულა ჩაუგდო, ისრაელელებს კი 25 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი გაუკეთა.
2023 წელს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგეს პლანეტის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, თორნიკეს კი სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა.
შორეულ იაპონიაში ჩატარებულ პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, ორი მატჩი მოიგო და მსოფლიოს 16 უძლიერეს გუნდში მოხვდა. ოკინავას კუნძულზე საქართველომ პირველ მატჩში კაბო ვერდეს მოუგო (შენგელიამ 16 ქულას 7 მოხსნა მიამატა), ჯგუფური ეტაპის მესამე ასპარეზობაში ვენესუელა უშანსოდ კი დიდწილად თორნიკეს კარგი თამაშის (25 ქულა, 3-3 მოხსნა-პასი) წყალობით დავტოვეთ.
იაპონიაში ნაჩვენები შედეგის გამო საქართველომ ოლიმპიადის შესარჩევში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში საწადელს ვერ მივაღწიეთ, შენგელიამ კი გმირული საქციელი ჩაიდინა – ფილიპინელებთან შეხვედრა მან ფეხზე 8 სანტიმეტრიანი ჭრილობის მიუხედავად მაინც ჩაატარა და 17 ქულით, 3 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. ნამატჩევს ჩვენების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ჯიკიჩმა შემდეგი განაცხადა:  “33 წელია კალათბურთის მწვრთნელი ვარ და ასეთი რამე პირველად ვნახე. ჩვენს კაპიტანს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ის მაინც გავიდა პარკეტზე. წინააღმდეგი ვიყავი მისი თამაშის, რადგან ძალიან დიდ რისკს სწევდა, თუმცა ეს თოკო შენგელიაა, რომელმაც თავი დადო საკუთარი გუნდისთვის”.
ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში თორნიკე შენგელიამ ლომის წილი დაიდო. 2024 წლის ნოემბერში კაპიტანმა ნაკრებსა და კლუბში 5 დღის განმავლობაში 4 მატჩი (!) ჩაატარა და ფინელებთან ორ მოგებულ სანაკრებო დაპირისპირებაში თოკომ სკანდინავიაში 24, თბილისში კი 25 ქულა ჩააგდო.
ცალკე საუბრის თემაა კვიპროსის ლიმასოლში მიმდინარე ევროპირველობა. ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში შენგელიას ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ გულის არითმია შეექმნა. თორნიკე სამკურნალოდ ორი კვირით ესპანეთში გაემგზავრა. საბედნიეროდ ექიმებმა კაპიტნის განკურნება შეძლეს და უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის წინ შენგელია ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა. ექიმების რჩევით თოკოს საწყისი ორი შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა პირველივე მატჩში, კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და კიდევ ერთი ისტორიული თამაშის მოგებაშიც (20 წუთი, 13 ქულა, ორ-ორი მოხსნა-პასი) დიდი წვლილი შეიტანა.
…ფინეთთან ნახსენები თბილისური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თორნიკე შენგელია მატჩის გმირად მოვიხსენიე, მან კი განაცხადა, რასაც ვაკეთებ გმირობა არაა, ეს ჩემი მოვალეობააო. ჩემი აზრით კი თოკო ნამდვილი გმირია, რომელიც სამშობლოს ინტერესისთვის არაფერს იშურებს და ქართველი გულშემატკივრის გასახარად ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარზე არაერთხელ გასულა.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას