რამაზ სვანაძე: “ეს თაობა შედგა”

0
23

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ სლოვაკეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზეს. მან ამის შესახებ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიასთან 0:4 წაგების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “წითელმა ბარათმა მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები. პორტუგალიას ნაკრების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და მინდა მათ ჩემპიონობა ვუსურვო. პორტუგალიამ იცის, თუ როგორ გამოიყენოს რიცხობრივი უპირატესობა, რომელიც შეხვედრის დასაწყისში მიიღო. გაძევების შემდეგ დასანანი გოლი მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. ყველაფერმა ერთად იჩინა თავი – დაღლილობა, ემოციებმა.
დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ველით მომავალ თაობას და ვიმედოვნებ, რომ ამ გუნდიდან ბევრი შეაღებს ეროვნული ნაკრების კარს. ვიბრძოლებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ეს სჭირდება მომავალ თაობას და ქართულ ფეხბურთს.
ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვიასპარეზეთ. ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ბევრ რამეზე მწყდება გული, თუმცა ყველაზე მეტად იმაზე, რომ არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ფაქტია და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დავკარგეთ ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი. ამას დაემატა საზონოვის ჯერ გმირობა და შემდეგ ტრავმა. თუ სპორტსმენი შეიძლება იყოს გმირი, საბა საზონოვი ამის მაგალითია, შემდეგ მეოთხე მცველიც დავკარგეთ, რადგან მანაც ტრავმა მიიღო.
ტრავმირებულ ფეხბურთელებს უკვე დაემატა ის ფაქტი, რომ გუნდის ლიდერები ჩემპიონატს შეხვდნენ უთამაშებლები, რაც სამწუხაროდ დაეტყოთ, ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბიჭებმა ეს იციან, არ მინდა გვარების თქმა, მაგრამ რეალურად, ჩვენი გუნდის ლიდერები საერთოდ არ იყვნენ კონდიციებში და არ იყვნენ მზად, რომ მჭიდრო გრაფიკში ასეთი დონის სამი მატჩი ეთამაშათ.
ამის ნათელი დადასტურებაა სიგუას მდგომარეობა, რომელსაც საფრანგეთის მატჩის ბოლოს კუნთი აწუხებდა, არ იყო დღეს 90 წუთის სათამაშოდ მზად და არც მივეცით თამაშში ჩართვის საშუალება. გარდა ამისა, არის ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღონ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა, იმიტომ, რომ მათი ნიჭი არა მარტო ახალგაზრდულ ნაკრებს, არამედ ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
ბოლო წუთები შეიძლება ორი მიზეზით იყოს გამოწვეული – ფსიქოლოგიური მომენტით და გარდა ამისა, დაღლილობით. სუფთა სამედიცინო კუთხით თუ ვიმსჯელებთ, აღარ მიეწოდება ჟანგბადის ის დოზა, რაც საჭიროა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ნაკრებში ვერ გამოვასწორებთ, რადგან ეს არის სისტემური საკითხი, როცა ბავშვობიდან იწყებენ თამაშს. გვჭირდება უფრო ინტენსიური თამაშები და ვარჯიშები და ყველაზე მთავარი, საქართველოში არ არის მწვრთნელების პრობლემა, საქართველოში ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი მწვრთნელები არიან. უბრალოდ, ფეხურთელს სჭირდება შესაბამისი ინტენსიური თამაში და სათამაშო პრაქტიკა. თუ ჩემპიონატი სწრაფია, დაძაბულია, ინტენსიურია, ფეხბურთელიც იზრდება. ეს ჩვენთან პრობლემაა, პორტუგალიაში ამ მხრივ სხვა დონეა. ამიტომ, ამ ყველაფერთან პროცესში ადაპტირება გვიწევს, ზოგჯერ ამას ვახერხებთ, ზოგჯერ – ვერ ვახერხებთ.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ”.
პორტუგალია 7 ქულით C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია ამდენივე ქულით საფრანგეთმა დაიკავაა. საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო პოლონეთმა ქულა ვერ აიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა 21-წლამდელებმა ევროპის პირველობაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზეს. სვანაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი