საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დასახული ამოცანა შეასრულა და B-ლიგაში უპრობლემოდ დარჩა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში ერევანში სომხეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაამრთულ საპასუხო დაპირისპირებაში ჩვენი მეზობლები 6:1 გავანადგურეთ. მანამდე, საქართველოს ნაკრებს შინ ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქესთვის 6 გოლი არასოდეს გაუტანია. საერთოდ, მეორე შემთხვევას როდესაც ჩვენმა გუნდმა ოფიციალურ თამაშში მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო. პირველად მსგავსი რამ მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევში სტუმრად ფარერებთან შეხვედრაში მოხდა, როდესაც 6:0 გავიმარჯვეთ. გარდა ამისა, პირველი ტაიმი 5:0 არცერთ ოფიციალურ თამაშში მოგვიგია.
თამაშის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გიორგი მამარდაშვილს გადასცა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის – საბა გოგლიჩიძეს.
ამასთანავე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავის სომეხ კოლეგასთან და ორივე გუნდის კაპიტნებთან გურამ კაშიასთან და აროიანთან ერთად, ფოტო გადაიღეს ბანერთან ერთად, რომელზეც ეწერა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთად აპირებენ განაცხადის შეტანას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე.
სანიოლმა პირველ მატჩთან შედარებით შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი შეცდვალა. დაცვის ცენტრში გურამ კაშია და საბა გოგლიჩიძე თამაშობდნენ, მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე იყო, ხოლო მარცხენა – გიორგი წიტაიშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მოქმედებდნენ. თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე დაწყვილდნენ.
შესაბამისად, წიტაიშვილმა ნიკა აზაროვი შეცვალა, კაშიამ – ლუკა ლოჩოშვილი, მექვაბიშვილმა – ნიკა კვეკევსკირი, ხოლო კვარაცხელიამ – ზურიკო დავითაშვილი.
მატჩის მე-4 წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის ნახევარზე წიტაიშვილი მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა კიტეიშვილმა ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა აროიანს მოხვდა – 1:0. ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში, კვარაცხელია საჯარიმოს ხაზზე ორ სომეხს გაცდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეუფლა.
მე-14 წუთზე სტუმრების საჯარიმოში ბურთი ქოჩორაშვილმა მიიღო და მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:0.
23-ე წუთზე კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან ბურთიანად ცენტრისკენ შეიწია და ორი მეტოქეს გაექცა, რის შემდეგ პასი მიქაუტაძეს მისცა, რომელმაც თამაშში ჩაკვეტაძე ჩართო, ეს უკანსკელი კი ერთ მეტოქეს გაცდა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა – 3:0. ჩაკვეტაძე ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 10 ბურთ გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს, კვარაცხელიამ ბურთი საჯარიმოში მყოფ კიტეიშვილს არ დაუგვიანა, რომელმაც თანაგუნდელს შრომა დაუფასა – 4:0.
31-ე წუთზე ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ ჯარიმა მახვილგონივრულად გაითამაშეს და ხვიჩამ ბურთი შორეულ ძელთან მდგომა მიქაუტაძისკენ გაგზავნა,მ რომელმაც არაზუსტად დაარტყა.
35-ე წუთზე სტუმრების მცველმა ძალიან ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელთან პირველი მიქაუტაძე არმოჩნდა და ერთი შეხებით ჩანჩარევიჩს თავს ზემოთ გადაუგდო – 5:0. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში უკვე 20 გოლია და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ შოთა არველაძეს (26 გოლი) ჩამორჩება. ის ეროვნული ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი ზედიზედ ორ შეხვედრაში მიითვალა.
39-ე წუთზე სტუმრების მცველმა საკუთარ საჯარიმოში თავით ბურთი ცუდად მოიგერია და მიქაუტაძემ მარცხენა მახვილი კუთხიდან ჰეთ-თრიქის შესრულების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა.
პირველი ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ ორ მოწინააღმდეგეს გვერდი იოლად აუარა, მაგრამ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა არაზუსტად დაარტყა. შესვენებამდე მცირე ხნით ადრე, ჩაკვეტაძემ სოლო გარღვევა დარტყმით დაასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ქოჩორაშვილის დამატებული მეკარემ გაანეიტრალა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ბიჩახჩიანმა მარცხენა ფრთიდან ჩვენს საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს კარისკენ ზურგით მდგომი სევიკიანი დაეუფლა და ნახევრად „მაკრატელათი“ მამარდაშვილს გაუტანა. ცოტა ხანში, ბარსეგიანმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა.
54-ე წუთზე კვარაცხელიამ სომხების საჯარიმოში ერთი მცველი ოსტატურად ჩამოიცილა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
62-ე წუთზე მექვაბიშვილმა კარგი გადაცემა გაუკეთა სტუმრების საჯარიმოში გახსნილ კვარაცხელიას, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარის ბადეში გაახვია – 6:1, მან ეროვნულ გუნდში მე-18 გოლი მიითვალა და საუკეთესო ბომბარდირებში სუფთა მესამე ადგილზე გადავიდა. 69-ე წუთზე თამაშში გიორგი გულიაშვილი ჩაერთო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა.
შეხვედრის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, რომ კვარაცხელიას პასით გატანის შანსი ზივზივაძეს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა.
ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვების ფონზე, ძალიან ცუდი სანახავი იყო, როდესაც თამაშის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრების ნაწილი, ძირითადად მოზარდები მოედანზე შეიჭრნენ და თავად არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ კაშია დარჩა, რომელმაც ქომაგებს მადლობა გადაუხადა და სასწრაფოდ გასახელს მიაშურა, რადგან უამრავი ბავშვი მისდევდა.
თავის მხრივ გულშემატკივრებმა წესრიგის დამრღვევესბ საქციელი არ მოუწონეს და ჯერ „სირცხვილია, სირხვილია“ ეძახეს, ხოლო შემდეგ – „გადით, გადით“. სხვათა შორის, თამაშის მსვლელობისას ერთი ბავში შევიდა მოედანზე და კვარაცხელიას ჩაეხუტა, ხოლო როდესაც მეორე სტიუარდებმა შეაჩერეს, ისეთი აგრესია გამოხატა რომ…
გარდა ამისა, ეს ვაიგულშემატკივრები სომეხ ქომაგებსად დაუპირისპირდნენ – ჯერ ბოთლები ესროლეს, ხოლო შემდეგ სექტორიში აუვარდნენ და ხელით შეეხნენ. თუმცა, არც სომხები იყვნენ უცოდველი კრავები, რადგან თამაშის მსვლელობისას ქართულად იგინებოდნენ და რთული მისახვედრი არაა ვის მისამართით.
საერთოდ, ნაკრების მატჩებზე უსაფრთხოების ზომები ასკარად გასამკაცრებელია და სტიაურდებიც დასამატებელია, რომ მართლაც რამე სერიოზული ინციდენტი არ მოხდეს. ამ ჯერზე უეფამ თუ „დინამო არენას“ დისკვალიფიკაცია არ მისცა, ფულად ჯარიმას ნამვილად ვერ გადავურჩებით.
საქართველო – სომხეთი 6:1 (5:0)
23 მარტი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე (დვალი, 69), კაშია, წიტაიშვილი (გულიაშვილი, 69), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი (ზარია, 77), ჩაკვეტაძე (შენგელია, 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე, 77).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
სომხეთი: ჩანჩარევიჩი, კ. ოვანისიანი ( მურადიანი, 40), არუთინიანი, აროიანი, მკრტჩიანი, უდო ( სერობიანი, 40), ივუ ( ე. გრიგორიანი, 40), ტიკნიზიანი, ბიჩახჩიანი (ნ. გრიგორიანი, 80), სევიკიანი (მირანიანი, 70), ბარსეგიანი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვან’ტ სხიპი.
გოლები: 1:0 აროიანი (4-საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35), 5:1 სევიკიანი (48), 6:1 კვარაცხელია (63).
გაფრთხილება: მურადიანი (43), სევიკიანი (64), კაშია (67), ნ. გრიგორიანი (83).
მთავარი მსაჯი: ე. ტეილორი (ინგლისი)
ლაშა თაბაგარი
