„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ფრანგულმა გუნდმა საერთო ეტაპის მე-6 ტურში ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მოედანზე 81-ე წუთზე ლაკაზეტის მაგივრად შევიდა.
სტუმრები მე-18 წუთზე კნაუფმა დააწინაურა, ხოლო ჩერკიმ 27-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა. 50-ე წუთზე ფოფანამ „ლიონი“ წინ გაიყვანა, რასაც 54-ე წუთზე ნუამას გოლი მოჰყვა. გერმანელებიდან 85-ე წუთზე თავი მამოუშმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
მიქაუტაძეს მეტოქის კარის აღების შანსი 83-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ფოფანას გაკეთებული პასის შემდეგ მეკარეს დაასწრო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. „ლიონი““, რომელსაც 13 ქულა აქვს და 36 გუნდში მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 2025 წლის 23 იანვარს სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ ჩაატარებს.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი





