გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-14 ტურში “ლიონი” სტუმრად “ანჟერს” შეხვდა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თამაშში 68-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ლიონელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მას მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში მეტოქის კარის აღება შეეძლო, როდესაც ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 88-ე წუთზე მიქაუტაძემ ფინტით მარცხენა ფრთაზე ორ მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და საჯარიმოში შესულმა “ცხრიანში” ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა გარდა იმისა, რომ ლიგა 1-ში თავი 3-ჯერ გამოიჩინა და ერთი საგოლე პასი გააკეთა, ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა. “ლიონი” 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





