რამაზ სვანაძის განცხადებით საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს კარგი დინამიკა აქვს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით უნდა დასრულდეს. ახალგაზრდულის თავკაცმა ამის შესახებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ მატჩამდე დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენზიაზე განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “მნიშვნელოვანი თამაშია, რომლისთვის მზად ვართ. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთეთ. ბოლო პერიოდში კარგი დინამიკა გვაქვს და ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლით უნდა დავასრულოთ. გუნდში განწყობა დადებითია, პირველად გვიწევს ამ რანგის თამაშის ჩატარება, პლეი-ოფი სპეციფიკურია. ფეხბურთელებს არ აქვთ გამოცდილება, მაგრამ ჩვენი მენტალური მდგომარეობა დაგვეხმარება. ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ მატჩს, უნდა შევძლოთ პირველ ნომრად თამაში. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი გეგმა გვაქვს.
გაბრიელ სიგუა თამაშისთვის მზადაა. დაცვაში დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვენდობი ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. აზაროვის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა, კარგ ფორმაშია და ითამაშებს. ლუკა ლაცაბიძე პროგრესიებს, ერთი მხრივ ცუდია, რომ გუნდში სხვა პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ უნივერსალიზმი კარგია.
დაჩი ლორთქიფანიძე პირველად გამოვიძახეთ, მაგრამ კარგად ვიცნობთ, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში იყო. გვაქვს მისი იმედი და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ პრიმავერაში თამაშობს. ვაფასებ და გვეიმედება.
კონტრაქტი დღეს გავახანგრძლივე და მადლობას ვუხდი ფედერაციას ნდობისთვის. გეგმები და პროექტი გვაქვს, მიხარია, რომ ამ ქართულ ფეხბურთს ვემსახურები. მთავარი ფაქტორი, რატომაც ოთხწლიან კონტრაქტს დავთანხმდი, ის გეგმაა, რომელიც ფედერაციას აქვს, ის მუდმივი პროგრესი, რომელიც გვაქვს“.
21-წლამდელები ხორვატიასთან პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





