ანზორ მექვაბიშვილი გამოჯანმრთელდა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, „უნივერსიტატიას“ შემადგენლობაში ითამაშა. რუმინეთის უმაღლესი დივიზიოსნის მე-15 ტურში კრაიოველები შინ ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა. ტრავმის გამო, მას აგვისტოს მიწურულის შემდეგ არ უთამაშია. „უნივერსიტატიას“ 22 ქულით 16 გუნდში მე-6 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-12 ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე ქულა „კატანძაროსთან“ აიღო – 0:0. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი კვერნაძემ სტუმართა სასტარტოში ისევ ითამაშა და 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 87-ეზე შეცვალეს. „ფროზინონე“ 9 ქულით 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
ცუდი პერიოდი უდგას ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც „კრემონეზეში“ ისევ არ ათამაშეს. კრემონელები შინ „პიზასთან“ 1:3 დამარცხდნენ, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის მცველს თადარიგში ყოფნა აკმარეს. მან მიმდინარე სეზონში სერია B-ში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა. „კრემონეზე“ 18 ქულით მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





