ყაზაიშვილის დუბლი ჩემპიონთა ლიგაში, მიქელთაძემაც გაიტანა

0
54

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპი საუცხოოდ დაიწყო. ჩინეთის „შანდუნმა“ შინ ავსტრალიის „მარინერსი“ 3:1 დაამარცხა და ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დუბლი მიითვალა.
მასპინძლები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც მეტოქის ნახევარზე ყაზაიშვილის დაწყებული კომბინაცია უიანუიმ გააგრძელა და ზუსტი თავური დარტყმით ჯინჰაომ დაასრულა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გუნდები გასახდელში მიდიოდნენ, როდესაც მსაჯს VAR-ის ოთახიდან „შანდუნის“ ფეხბურთელის მხიდან თავის საჯარიმოში წესის დარღვევის შესახებ აუწყეს. მან ეპიზოდი გადაამოწმა და ფეხბურთელები მოედანზე დააბრუნა, რის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც დოკამ გამოიყენა.
72-ე წუთზე „მარინერსის“ მცველი საკუთარ ნახევარზე უხეშად შეცდა და თანაგუნდელის პასის შემდეგ საჯარიმოში ოდნავ შესულმა ყაზაიშვილმა ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1. 88-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 3:1.
ყაზაიშვილმა, რომელიც „შანდუნში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, „მარინერსთან“ მატჩამდე ჩინეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჩინეთის თასზე თავი ორჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, მან ერთხელ თავი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოიჩინა.
სამხრეთ კორეის „გვანჯოუმ“ ჩემპიონთა ლიგის საერთი ეტაპის პირველ ტურში შინ „იოკოჰამა მარინოსი“ 7:3 დაამარცხა. მასპინძლებში ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ 63-ე წუთიდან ითამაშა და 69-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:2 გახდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში მიქელთაძემ ქუსლით საუცხოო პასი გაუკეთა თანაგუნდელს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარში დააფიქსირა. მანამდე, მიქელთაძემ ჩემპიონატში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი