ლევან კობიაშვილი: “შედეგი თამაშის სურათს არ ასახავდა”

0
39

ოთარ კიტეიშვილმა ისევ ინდივიდუალურად ივარჯიშა და დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნულ გუნდს 22 ივნისს F ჯგუფში ჰამბურგის “ფოლკსპარშტადიონზე” გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მის გარდა, ფელბერტში 20 ივნისს გამართულ ვარჯიშზე, ვილი სანიოლის განკარგულებაში დანარჩენი 25 ფეხბურთელი იყო.
21 ივნისს ჩვენი გუნდი დილის 10 საათზე ფელბერტში ღია ვარჯიშს ჩაატარებს, რომელიც აკრედიტირებული მედიისთვის ღია 15 წუთი იქნება. ამის შემდეგ სანიოლის შეგირდები ჰამბურგში გაემგზავრებიან, სადაც 17:45 საათზე სანიოლის პრესკონფერენცია შედგება. იმედია, ამ შემთხვევაში უეფას ახალი სისტემა უფრო გამართული იქნება და აღარ განმეორდება შემთხვევა, როდესაც სანიოლს როგორც თურქეთთან მატჩამდე, ასევე მის შემდეგ კითხვა დაუსვი, რომლის გამეორება 3-3-ჯერ მომიწია.
ჩეხეთთან მატჩამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდისთვის კომენტარი ლევან კობიაშვიმა გააკეთა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება:
“კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს მივულოცო ისტორიული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე. აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, აღიმართა ჩვენი დროშა და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იყო. ემოციური დღე იყო, ამდენი ქართველი გულშემატკივარი და გარემო, რომელიც დორტმუნდში სუფევდა განსაკუთრებული იყო. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და მთავარ მწვრთნელს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვეამაყა. ვიყავით ამაყები და ამავდორულად გულდაწყვეტილები, რადგან შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არ ასახავდა თამაშის სურათს.
ტურნირი გრძელდება და ფეხბურთელები სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო მატჩისთვის. განსხვავებული თამაში გველის. სხვა მოწინააღმდეგე გვყავს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ თამაშისგან არა მხოლდო პოზიტიური ემოციები, არამედ შედეგიც მივიღოთ. ქულები და თამაშის მოგება გვჭირდება, იმისთვის, რომ დიდი ხანი დავრჩეთ ევროპის ჩემპიონატზე და გავიხანგრძლივოთ ეს არაჩვეულებრივი დღეები”.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი გუნდი, რომელმაც 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა გერმანიის ნაკრები გახდა. ეს მოვლენა ძალიან ხმაურიანად აღნიშსნეს ვუპერტალში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომანქანები გერმანიის დროშებით ქუჩებში სიგნალებით დაქროდნენ.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად “ათიანისთვის” ვუპერტალიდან
მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის