ისტორიული მატჩი ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეს

0
75

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათი დარჩა და “ათიანი” უშულოდ მოვლენების ცენტრშია. “|სიგნა იდუნა პარკზე” მისულმა კუთვნილი ადგილი დავიკავე და ძლიერი წვიმის გონზე საქართველო-თურქეთის დაპირისპირებას ველოდები.
ვუპერტალიდან დორტმუნდამდე მგზავრობის პერიოდში ქართველი გულშემატკივრები შემხვდნენ, რომლებმაც დორტმუნდში მატარებლიდან გადმოსულებამ “საქართველო, საქართველო” დააგუგუნეს.
“სიგნალ იდუნა პარკისკენ” მიმავალმა მეტროში ჩემს კოლეგებთან ერთად თურქი გულშემატკივრების ვაგონში ვიმგზავრე, რომლებიც მთელი გზა არ გაჩერებულან. თუმცა, არც ჩვენ ჩამოვრჩით და “საქართველოს გაუმარჯოს” შევაგებეთ. სტადიონთან მისულებს გადაწითლებული თურქული გულშემატკივრების არმია დაგვხვდა და ბუნებრივია, რომ დღეს “სიგნალ იდუნა პარკის” ტრიბუნებზე “დიდი თურქობა” იქნება.
სიმბოლურია, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას  ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეს ატარებს. რომელმაც თბილისის “დინამოში” გამოსვლის დროს თავისი განუმეორებელი სათამაშო მანერით მსოფლიო ფეხბურთში ეპოქა შექმნა.
მაშინდელი “დინამოს” წარმატების პიკი 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებაა, ხოლო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ეროვნული ნაკრების ამ წარმატებას საფუძველი ქართველი ფეხბურთელების მრავალმა თაობამ ჩაუყარა, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ყიფიანია. ნიშანდობლივია, რომ ის საქართველოს ნაკრებსაც უნარიანად ხელმძღვანელობდა და საუცხოოდ ესმოდა თუ რას ნიშნავს დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაში. მართალია, თავად ყიფიანი ჩვენი ნაკრების ევროპაზე გასვლას ვერ მოესწრო, მაგრამ 18 ივნისს მისი სული აუცილებლად გუნდის ირგვლივ იტრიალებს.
დავით ყიფიანი. დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ხუთგზის (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) ბრინჯაოს მედალოსანი.
1976 და 1979 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, 1980 წელს ითამაშა ფინალში. 1977 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა კლუბის წევრი. ევროპის 1976 წლის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი.
საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ორ მატჩში გაიტანა 2 გოლი. ევროთასების გათამაშებებზე ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ნათამაშები აქვს ევროპის ნაკრებში.
წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, თბილისის “დინამოს”, კვიპროსის ‘ოლიმპიაკოსს”, ქუთაისის “ტორპედოს”, იაროსლავლის “შინიკს”. თბილისელებსა და ქუთაისელებს მოაპოვებინა ეროვნული პირველობის ჩემპიონობა და თასი.
2001 წლის 17 სექტემბერს ტრაგიკულად, ავტოავარიაში გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული თასი დავით ყიფიანის სახელს ატარებს.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად დორტმუნდიდან
მადლობს სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციას დახმარებისთვის