საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. 17 ივნისს, ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც თურქეთთან შეხვედრას გამოტოვებს, გუნდთან ერთად, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დორტმუნდის სტადიონზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ უპასუხა:
„ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება იქნება ჩემს კარიერაში. განსაკუთრებულია, როდესაც ქვეყანას სიამაყის შესაძლებლობას აძლევ.
პირველივე შეხვედრიდან, როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ წარსულში უნდა დავტოვოთ ემოციები. სწორი არ იქნებოდა ემოციებით და ეიფორიაში ცხოვრება. ახლა აქ ვართ და ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც არასდროს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიმსახურებთ აქ ყოფნას.
საქართველოში ხალხი მხოლოდ ფეხბურთზე და ჩვენს მიღწევებზე საუბრობს. საოცარ ენერგიას ვგრძნობთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაზოგა ფინანსური რესურსები, რათა აქ ყოფილიყვნენ ჩვენს მხარდასაჭერად. ასეთი გარემოა საქართველოში, სადაც ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. განსაკუთრებით, როდესაც 30 წელი ველოდებოდით აქ მოხვედრას. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და როგორ წარვადგენთ საკუთარ თავს ამ ტურნირზე. ჩვენ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ვეცდებით, რომ ეს ღირსეულად გავაკეთოთ”.
ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.





