საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში პირველი გოლი გაიტანა. “ატლანტა იუნაიტედი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გამოდის შინ “ორლანდო სიტის” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-9 წუთზე იაკუმაკისის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შესული ერთ მცველს გაცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა. მეორე გოლი 70-ე წუთზე თავის ანგარიშზე იაკუმაკისმა ჩაიწერა. ლობჟანიძე, რომელიც 21 მარტს ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახეს, 70-ე წუთზე შეცვალეს. “ატლანტა იუნაიტედს” 3 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.
წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ მოედანზე 29 წლის ვაკო გვილია დაუბრუნდა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 44-ჯერ უთამაშია და 3 გოლი გაუტანია. პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში სტუმრად ვარშავის “ლეგიასთან” წაგებულ (1:3) მატჩში, მან გლივიცეს “პიასტში” 88-ე წუთიდან ითამაშა. გვილიას “პიასტთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





