„დილა“ ქუთაისში არაბიძემ შეაჩერა, ჩემპიონმა მეოთხედ მოიგო

0
52

გორის „დილამ“ ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ პირველი წაგება ქუთაისში იწვნია. პორტუგალიელი რუი მოტას გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ერთადერთი გაშვებული გოლით დამარცხდა. შოტლანდიელი სტივ კინის დამოძღვრილ „ტორპედოს“ მიჯრით ორი წარუმატებელი თამაშის შემდეგ გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა და სასურველ შედეგს მიაღწია.
მატჩის დასაწყისში გიორგი გაფრინდაშვილმა ძალიან ცუდად დაუბრუნა მეკარე დავით კერესელიძეს ბურთი, რომელიც ბრაზილიელ ჟორჟინიომ ჩაჭრა, მაგრამ გორელთა კიპერს ვერ აჯობა. მე-12 წუთზე „დილას“ შეტევის დროს კარის ახლოდან კვამე ასამოამ დაარტყა და ცოტნე ნადარაია მკერდით ბურთს რომ არ გადაფარებოდა, შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო. 31-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ქუთაისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა და სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ნახტომში ბურთი მოიგერია. სამ წუთში ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა მეტოქის ნახევარზე „დილას“ მცველს აართვა ბურთი, რომელიც გიორგი არაბიძეს მიუვიდა და მასპინძლების შეტევის ლიდერმა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ კერესელიძემ იყოჩაღა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კერესელიძემ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა და შეტევაში ჩართულ პორტუგალიელ მცველ პედრო მონტეიროს თავურის შემდეგ გაფრინდაშვილმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რომელიც არაბიძემ შეუჩერებლად ძლიერად დაარტა და ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს – ჯერ კარის ახლოდან ბრაზილიელი ელიტონ ჟუნიორის თავურის მერე ბურთი მიზანს აცდა, ხოლო შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი იბრაჰიმე დრამეს დარტყმული კლიაიჩმა გაანეიტრალა.
58-ე წუთზე „დილას“ საჯარიმოში მყოფი ჟორჟინიოს დარტყმის შემდეგ, ისრაელელმა იცხაკმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. საპასუხო იერიშის დროს გორელთა კაპიტანი ნიკა გაგნიძე დაემუქრა მეტოქის კარს „ცაციათი“ საჯარიმოს გარედან და კლიაიჩი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე „ტორპედოს“ კამერუნელი ლეგიონერი ეკონგოლო კერესელიძესთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, მაგრამ „დილას“ კარის დარაჯმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. ამის შემდეგ რუი მოტა და კინი შეკამათდნენ, რის გამო ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო. “დილა” 9 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო “ტორპედო 6 ქულით მეოთხეა.
ტორპედო 1:0 დილა 
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს თავკაცობით ბათუმის “დინამომ” სეზონის სტარტზე ოთხივე თამაში მოიგო. ამჯერად, ბათუმელებმა სტუმრად “თელავი” დავით მუჯირის მიერ 38-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს. მატჩის მსვლელობის დროს ტრიბუნიდან თელაველთა ფან-კლუბის წევრი ბაქარ ოთარაშვილი ჩამოვარდა, რის გამო თამაში შეჩერდა. საბედნიეროდ, კახელი ქომაგი კლინიკაში დროულად გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოქმედი ჩემპიონი 12 ქულით ცხრილის სათავეშია, რუსი იგორ ვასილენკოს გაწვრთნილი “თელავი” კი 3 ქულით მეშვიდეა.
თელავი 0:1 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი