მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დამტკიცდა

0
74

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით 2025 წლიდან ჩატარდება. პირველ გათამაშებას, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას აშშ უმასპინძლებს.
ფიფამ უკვე ოფიციალურად დაამტკიცა შეჯიბრის ფორმატი და მონაწილე გუნდების კვალიფიცირების სისტემა. 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც 2-2 საუკეთესო პლეი ოფში გავლენ და ტიტულისთვის ბრძოლას მერვედფინალური სტადიიდან გააგრძელებენ.
უკვე ცნობილია კონფედერაციის ქვოტებიც. ევროპიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში 12 გუნდი ითამაშებს. ვინაიდან, აღნიშნული ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ფიფამ გადაწყვიტა, რომ მასში მონაწილეობის უფლება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ გამარჯვებულს ავტომატურად ერგოს, ხოლო დანარჩენი 8 გუნდი საგზურს ასევე ბოლო 4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მიიღებენ.
საინტერესოა, რომ თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ 2 კლუბი დაიშვება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამგვარად, უკვე ვიცით, რომ 2025 წლის ტურნირში მაგალითად ინგლისიდან მანჩესტერ სიტი და ჩელსი ითამაშებენ. თუმცა, შეიძლება დამატებით კიდევ ერთი ადგილიც მიიღოს, თუ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას არსენალი მოიგებს.
სამხრეთ ამერიკიდან 6 გუნდი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, ხოლო აფრიკას, აზიას, ცენტრალურ/ჩრდილოეთ ამერიკას 4-4 გუნდის გამოყვანის უფლება ექნებათ. თითო გუნდებით წარდგებიან მასპინძელი ქვეყანა და ოკეანიის წარმომადგენელი.
ევროპიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ჩელსი (ინგლისი)
რეალი (ესპანეთი)
ბაიერნი (გერმანია)
ინტერი (იტალია)
პსჟ (საფრანგეთი)
პორტუ (პორტუგალია)
ბენფიკა (პორტუგალია)
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი გუნდები მოიპოვებენ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე 2025 წელს მონაწილეობის უფლებას:
დორტმუნდი ან ლაიფციგი
ატლეტიკო ან ბარსელონა
იუვენტუსი ან ნაპოლი (იუვე არ გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ უეფას რეიტინგში ნაპოლის უსწრებს. შესაბამისად, ნეაპოლელებს შეუძლიათ ტურინელთა გადასწრება, მაგრამ ამისთვის სავარაუდოდ, ნახევარფინალში გასვლა დასჭირდებათ).
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული.
უკვე კვალიფიცირებული გუნდები ევროპის მიღმა
აფრიკა – 4 ადგილი
ალ აჰლი (ეგვიპტე)
ვიდადი (მაროკო)
დანარჩენი ორი გუნდი ჯერ არ გარკვეულა
აზია – 4 ადგილი
ალ ჰილალი (საუდის არაბეთი)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
დანარჩენი ორი გუნდი ჯერ არ გარკვეულა
ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა – 4 გუნდი
მონტერეი (მექსიკა)
სიეტლ საუნდერსი (აშშ)
ლეონი (მექსიკა)
მე-4 გუნდი ჯერ არ გარკვეულა
ოკეანეთი – 1 ადგილი
ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)
სამხრეთ ამერიკა – 6 ადგილი
პალმეირასი (ბრაზილია)
ფლამენგო (ბრაზილია)
ფლუმინენსე (ბრაზილია)
დანარჩენი გუნდები ლიბერტადორესის თასის 2024 წლის გათამაშების რეიტინგით გაირკვევა.
განახლებული ფორმატით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წელს, 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.