ბრაზილიის “გრემიოს” მთავარმა მწვრთნელმა რენარუ გაუჩუმ დაადასტურა, რომ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი გუნდს უახლოეს კვირებში დატოვებს.
“ეს ძალიან სამწუხაროა ყველასთვის. ლუის სუარესი აქ წლის დასაწყისიდან იყო და ძალიან დაგვეხმარა. ფანებს ის შეუყვარდათ. სუარესი უმაღლესი დონის პროფესიონალია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოგჯერ მსურდა, რომ მას ვარჯიშსგან ან თამაშისგან დაესვენა, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა.
მოგვენატრება თუ არა? რა თქმა უნდა. ის ყველას მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო. შესაძლებელობა მქონდა, რომ უდიდეს პროფესიონალთან და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან მემუშავა. მომდევნო წელს ბევრი სამუშაო მექნება, რადგან სუარესის დონის ნიჭიერი მოთამაშის მოძებნა იოლი არაა” – იუწყება გაუჩუს ნათქვამს SambaFoot.
36 წლის სუარესმა “გრემიოში” ყველა ტურნირში 52-ჯერ ითამაშა და 26 გოლი გაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდი “ინტერ მაიამიში” გადავა, სადაც “ბარსელონაში” მისი ყოფილი თანაგუნდელები ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბა თამაშობენ.
ლაშა თაბაგარი





