ირაკლი აზაროვი კარიერას დინეცკის “შახტარში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა უკრაინულ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის სანაცვლოდ “ცრვენა ზვეზდამ” 3 მილიონი ევრო მიიღო.
აზაროვი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. მას პირველ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. ირაკლი “დინამოში” 14-ჯერ ითამაშა და 3 საგოლე პასი გააკეთა – საქართველოს ჩემპიონის ტიტული 2-ჯერი დაისაკუთრა.
ის 2021 წლის იანვარში ბათუმის “დინამოში” გადავიდა. მან ბათუმელთა რიგებში 65 მატჩი ჩაატარა (4 გოლი, 10 საგოლე პასი) და საქართველოს ჩემპიონი გახდა. აზაროვი შარშან ზაფხულში “ცრვენა ზვეზდას” შეუერთდა, სადაც 26 თამაში ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა – ბელგრადელებთან ერთად სერბეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. აზაროვმა საქართველოს ეროვნულ გუნდში 12-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





