ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ სტივ კინის მიზანია, რომ მისმა გუნდმა ყაზახეთში იმაზე უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს, ვიდრე ეს საშინაო მატჩის პირველ ტაიმში მოახერხა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში “რამაზ შენგელიაზე” “აქტობესთან” 1:4 წაგების შემდეგ განაცხადა.
სტივ კინი: “შედეგით იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საკუთარ კარში მიღებულმა ბურთმა ყველაფერი გაგვირთულა. მგონია, პირველ ნახევარში მონდომება სისწრაფე და ტემპი გვაკლდა, მეორე ტაიმში, კი პატარა შეცდომებმა დაგვღუპეს. მეორე ნახევრის პირველი 20 წუთი გოლის გატანას მხოლოდ ჩვენ ვცდილობდით, შანსი უნდა გამოგვეყენებინა.
წაგებაში მხოლოდ მცველებს ვერ დავადანაშაულებ, გუნდი ერთად იტანს გოლს და ერთად უშვებს. პირველი ტაიმის შემდეგ 1 მცველი მოვხსენით და შემტევი დავამატეთ. შინ 0:2-ს ვაგებდით და შეტევას ვცდილობდით, ამიტომ დაცვაში მეტოქეები ერთი-ერთზე და ორი-ორზე გვრჩებოდა, მაგრამ სხვა შანსი არ გვქონდა. მეორე ტაიმში ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა მათი უმრავლესობა ვერ გამოვიყენეთ.
ამ სხვაობის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამას თავიდანვე უნდა ვეცადოთ. საწყის წუთებში პირველი გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება, ამიტომ ძალიან დიდი ძალებით უნდა შევუტიოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ბუნებრივია, უკან სივრცეები დაგვრჩება, რითიც მეტოქე შანსს მიიღებს, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს.
იყო თუ არა სამატჩო სიაში ჰაიდარი, ზუსტად არ ვიცი, მსგავს რამეებს არ ვამოწმებ ხოლმე. ვფიქრობ, ზუსტი სია გადავეცით, იმ ფეხბურთელების შემადგენლობით, ვინც სათამაშოდ მზად იყო. არ ვიცი რატომ არ ჩანდა ომრანი უეფას საიტზე. იმედია, ყველაფერი წესრიგში იყო და მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე.
შესაძლოა, შეცვლა 0:1-ზეც გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებას დაველოდეთ. მეორე ნახევარში გიორგი არაბიძე 10-იანის პოზიციაზე გადავწიეთ და ის ფეხბურთელები გამოვიყვანეთ, რომლებსაც შეტევის გაძლიერება შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა, მაგრამ შეცდომების გამო, მეორე ტაიმში არსებული უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელით.
თავიდანვე შეტევაზე თამაში გვინდოდა, მაგრამ საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით, ვერც პრესინგზე მივდიოდით სათანადოდ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენი განაპირა მცველები ზემოთ სათანადოდ ვერ ადიოდნენ. მეორე ტაიმში, როცა სისწრაფეებს მოვუმატეთ, მეტოქე სხვადასხვა გზებით ტემპის შენელებას ცდილობდა და რამდენიმე ეპიზოდში შეხვედრა შეჩერდა კიდეც.
ფანცულაია გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის თამაშს აუმჯობესებს. დღეს, მას შემდეგ რაც არაბიძე 10-იანზე გადავწიეთ, ფანცულაია უკეთ ათამაშდა. გიორგის დრო სჭირდება, ის კარგი ფეხბურთელია და გოლების გატანა მას პროგრესში დაეხმარება. ცხადია, შესაძლოა, სხვადასხვა ეპიზოდი ყოველთვის განსხვავებულად შეფასდეს. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც “აქტპპბეს” პენალტი დაუნიშნეს, ხან ინიშნება, ხან არა. არაბიძის მომენტზეც იმავეს ვიტყვი – ზოგჯერ ასეთ დროს ნიშნავენ პენალტს, ზოგჯერ არა. თუმცა მსაჯების მოქმედებებზე არასდროს ვიწუწუნებთ.
ასეთი მარცხის შემდეგ არ არის ადვილი, მეორე მატჩში გახვიდე და მაგრად ითამაშო. თუმცა, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – თავიდანვე წინ უნდა წავიდეთ და გოლის გატანა ვცადოთ. ჩვენი მიზანია ჩავიდეთ ყაზახეთში ვითამაშოთ იმაზე კარგი ფეხბურთი, ვიდრე ეს დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმში გავაკეთეთ. თუ გოლის გატანას საწყის წუთებში მოვახერხებთ, შანსი კიდევ გვექნება და შეცდომების გამორიცხვის შემთხვევაში, დუელში დავბრუნდებით”.





