„საბურთალომ“ ჩამბა დაიმატა, გვარაძე დაიბრუნა, სოსიაშვილი დანიშნა

0
47

თბილისის „საბურთალომ“ კამერუნელი თავდმსხმელი სირილ ჩამბა დაიმატა, ჩამბა  „სამტრედიაში“ 2022 წლიდან გამოდიოდა და ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო წელს ეროვნულ ლიგაში 13-ჯერ იასპარეზა და თავი ერთხელ გამოიჩინა. ის „სამტრედიაში“ გადასვლამდე ლიეტუვას „რიტერაიში“ და „დაინავაში“ გამოდიოდა.
„საბურთალოში“ დაბრუნდა ნახევარმცველი ბექა გვარაძე, რომელიც შარშან ბელარუსის „ენერგეტიკში“ გამოდიოდა. ის თბილისელთა რიგებში 2013-2019 წლებში გამოდიოდა, ხოლო ბელარუსში გადასვლამდე ბოლნისის „სიონში“ და „რუსთავში“ თამაშობდა.
ეროვნულ ლიგა 3-ში მოასპარეზე „საბურთალო 2“-ის მთავარ მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს. 33 წლის სოსიაშვილი ბოლოს „შუქურას“ თავკაცად მუშაობდა, სადაც მიმდინარე წლის 21 იანვარს დანიშნეს და 13 ივნისს დაითხოვეს. მანამდე, ის „სამტრედიას“, თბილისის „დინამო 2“-ს, გორის „დილას“, „რუსთავს“, „სამგურალს“ და ბოლნისის „სიონს“ ავარჯიშებდა.
მან „დილას“ 2015 წელს არსებობის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად საქართველოს უმაღლესი ლიგა მოაგებინა. სოსიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი გააჩემპიონა – ამ წარმატებას 26 წლის ასაკში მიაღწია.
ლაშა თაბაგარი