საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ვერ გააღწია. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი პენალტების სერიაში ებრაელ თანატოლებთან დამარცხდა. ამის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლა ცალსახად დადებითია, რადგან ტურნირის დაწყებამდე ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ახალგაზრდა ქართველები „სიკვდილის ჯგუფში“ პირველ ადგილს დაიკავებდნენ და 1/4-ფინალში გავიდოდნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებს ტურნირზე თამაში ძირითად დროში არ წაუგია. სვანაძის შეგირდები 1/4-ფინალში თანაბარ ბრძოლაში საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დამარცხნდნენ, რომელმაც ჯგუფში გერმანია და ჩეხეთი ჩატოვა.
ცნობისთვის, 1/2-ფინლში ვერგასვლის მიუხედავად, ჩვენს ნაკრებს პარიზში 2024 წელს გასამართ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი მაინც რჩება. ამ შემთხვევაში მთავარია, ინგლისმა და საფრანგეთმა 1/2-ფინალში გააღწიონ. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველი დებიუტანტია, რომელიც ევროპირველობის პლეი-ოფში გავიდა.
მატჩის მე-5 წუთზე მეტოქის ნახევარზე ორთაბრძოლაში გიორგი წიტაიშვილი წაიქცა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა, ხოლო ტურგემანმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, რამდენიმე ქართველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
სამ წუთში გლუხი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ, მაგრამ ცოტა უზუსტოდ დაარტყა.
მე-20 წუთზე აზაროვის გადაცემის მერე ზურიკო დავითაშვილი მარცხნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, ერთ მცველ გაექცა და გოჩოლეიშვილი მოძებნა, რომელმაც გოლი გაიტანა. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა დააფიქსირა, რომ პასამდე დავითაშვილს ბურთი კუთხურის ხაზს იქით გაექცა და ანგარიში არ გახსნილა.
30-ე წუთზე ებრაელების კონტრშეტევის დროს გლუხმა სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ამის შემდეგ ლუკა გაგნიძემ მეტოქის ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა ბურთი მიზანს გვარიანი მანძილით ააცილა.
მე-40 წუთზე მარცხნიდან აზაროვის არცთუ კარგი ჩაწოდების შემდეგ, ისრაელის მეკარე კარიდან ცუდად გამოვიდა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილის დარტყმის შემდეგ მცველის ფეხიდან ბურთი კარს აცდა.
ტაიმის ბოლოს ცენტრალური მცველი ივა გელაშვილს ებრაელ ფეხბურთელთან ორთაბრძოლის დროს ცხვირი გაუტყდა და თამაში ვერ გააგრძელა, სისხლდენის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში აზაროვი თავის საჯარიმოში უხეშად შეცდა და ისრაელს გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, როდესაც ებრაელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მცველებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს. მსაჯმა ეს ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკეთავს.
57-ე წუთზე აზაროვის გადაცემით დავითაშვილმა ვერ იხეირა. ერთ წუთში ჩვენი კონტრშეტევის დროს დავითაშვილმა პასი აზაროვს შეაყოლა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ვერც კარში დაარტყა და ვერც კარგად ჩააწოდა,
მე-60 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გიორგი წიტაიშვილმა ბურთი ებრაელტა კართან ჩაჰკიდა და შეტევაში ჩართული საბა საზონოვის თავურმა მიზანს ვერ მიაღწია.
65-ე წუთზე წიტაიშვილი მარჯვნიდან ბურთიანად ისრაელის ნაკრების საჯარიმოში შეიჭრა, სამ მოთამაშეს გაექცა, მაგრამ მისი დარტყმული ბოლო მომენტში დაბლოკეს.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ებრაელთა სახიფათო კონტრშეტევის დროს მამარდაშვილმა ჯერ განდელმანს არ გაატანინა, ხოლო შემდეგ – აზულაის.
ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გიორგი მოისწრაფიშვილი მარჯვენა ფლანგზე ერთ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში გიორგი გაგუა მონახა, რომელმაც მცველს დაასწრო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
შეხვედრის მიწურულს მოისწრაფიშვილის ჩაწოდებული კუთხურის მერე, კალანდაძემ თავით ბურთი კარში ვერ გადაგზავნა. ამის მერე, უკვე აზაროვმა შეასრულა კუთხური საპირისპირო ფლანგიდან და მეკარემ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, თუმცა, გაგუამ კარგი პოზიციიდან მარცხენა ფეხით ბურთი კარს ააცილა, მას უკეთესად დარტყმა შეეძლო.
90-ე წუთზე ისრაელის კარის მიმართულებით ძალიან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა.
103-ე წუთზე ბილავი მარჯვნიდან შევიდა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში, ორ ფეხბურთელს გვერდი აუარა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
106-ე წუთზე მოისწრაფიშვილმა სტანდარტულის შესრულების დროს ებრაელთა საჯარიმოში გაგუას უპასა, რომელმაც თავით კარგად ვერ დაარტყა.
პენალტები ისრაელელებმა უკეთესად შეასრულეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშე მათი მეკარე გახდა. ებრაელები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/2-ფინალში პირველად გავიდნენ. განვლილ შეხვედრას 44388 მაყურებელი დაესწრო და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ერთ მატჩზე მისული ქომაგების რაოდენობით დამყარებული რეკორდი ისევ მოიხსნა.
ისრაელის მსგავსად 1/2-ნახევარფინალის საგზური ესპანეთმაც მოიპოვა, რომელმაც ბუქარესტში შვეიცარია 2:1 დაამარცხა. ესპანელები ბოლო 7 ევროპის პირველობაზე ნახევარფინალში მეექვსედ მოხვდნენ.
საქართველო – ისრაელი 0:0 (2:4, პენ.)
1 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არემა“.
საქართველო: მამარდაშვილი; საზონოვი, გელაშვილი (ხვადაგიანი 46), კალანდაძე; გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (გულიაშვილი 97), აზაროვი; წიტაიშვილი (მოისწრაფიშვილი 70), დავითაშვილი; გაგუა
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ისრაელი: პერეცი; იაბერი (ხალაილი 106), ლემკინი, კოენი, ჰაიაი (მორგანი 91); აზულაი (ბილევი 80), კარტსევი (ჰოფმაისტერი 51), განდელმანი, გლუხი; გურნო (ლაიუსი 63), ტურგემანი (აბუ რამი 113)
მთავარი მწვრთნელი: გაი ლუზონი.
პენალტების სერია: 1:0 აზაროვი, 1:1 კოენი, 2:1 დავითაშვილი, 2:2 განდელმანი, 2:2 გაგუა (მეკარე), 2:3 ხალაილი, 3:3 მოისწრაფიშვილი, 3:4 გლუხი, 3:4 ხვადაგიანი (ძელი).გაფრთხილება: წიტაიშვილი (66) – კარსტევი (50), პერეცი (86), ტურგემანი (104), ჰოფმაისტერი (105), აბუ რამი (116)
მთავარი მსაჯი: ესპენ ესკასი (ნორვეგია)
ლაშა თაბაგარი





