რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თავისი საუკეთესო თვისებები ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია.
„გასულ სეზონში კვარაცხელიას ყველა მიღწევა კანონზომიერია. მან ეს თავისი შრომით დაიმსახურა. ხვიჩა უდიდესი ტალანტი და დიდი პროფესიონალია. ასე უბრალოდ სერია A-ში სეზონის საუკეთესო მოთამაშე ვერ გახდები. მან საუცხოო სეზონი ჩაატარა გუნდში, რომელმაც ჩემპიონობა მოიგო.
რა თქმა უნდა, მისთვის რთული იქნება მომავალშიც სტაბილური შედეგი აჩვენოს, რადგან ასეთ ასაკში დაღმასვლა ძალიან ხშირად ხდება. გაუჭირდება, მაგრამ ხვიჩას ბევრი შეუძლია და მას თავისი შესაძლებლობა ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის დონეზე დაბლა არ დაეშვება. იმედია, მომავალ სეზონში ხვიჩა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს“ – იუწყება სიომინის ნათქვამს sport-express.ru.
გასულ სეზონში, 22 წლის კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო, პლუს 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 4 პენალტი მოიპოვა.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგია საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი





