ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხს“ პოლონეთის ექსტრაკლასაში ქულა გადაურჩინა. 24-ე ტურში პოზნანელები გლივიცეს „პიასტს“ ეწვივნენ და მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – მეტოქე მცველის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს მისადგომებიდან მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში თავისი მესამე ბურთი გაიტანა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “აკადემია პანდევი” სტუმრად “შკენდიას” შეხვდა და 1:2 დამარცხდა. სტუმრებში ქართველმა თავდამსხმელმა მიხეილ ერგემლიძემ 59-ე წუთიდან ითამაშა და 65-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, გოლი გაიტანა – მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ბურთი მეტოქის კარის წინ მიიღო და ზუსტად დაარტყა. ის “აკადემია პანდევში” ზამთარში გადავიდა და 2 გოლის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა.
უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „მეზიოკიოვეშდი“ გასვლაზე „უიპეშტთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმრების სასტარტოში ქართველი მცველი ილია ბერიაშვილი იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „მეზიოკიოვეშდი“ 28 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.





