მადრიდის „რეალმა“ თავის მოედანზე ესპანეთის თასზე „ბარსელონას“ ისევ ვერ მოუგო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდმა 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ კატალონიელებთან „ელ კლასიკოში“ 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი მატჩის 26-ე წუთზე გავიდა, როდესაც სტუმართა კონტრშეტევის დროს ფრანკ კესიეს დარტყმული ბურთი, რომელიც ტიბო კურტუამ მოიგერია, ედერა მილიტაოს მოხვდა და კარში შევარდა, შედეგად, მადრიდელები მიმდინარე სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველად დამარცხდა.
„რეალი“ 53 წელიწადია თავის არენაზე „ბარსელონას“ თასზე ვერ ამარცხებს. მეტიც, „სამეფო კლუბს“ კატალონიელებთან ნახსენებ ტურნირში მადრიდში ზედიზედ 10 თამაშია არ მოუგია.
მადრიდელთა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. გარდა ამისა, „რეალმა“ შინ ჩატარებული ბოლო 10 „ელ კლასიკოდან“ 6 წააგო.
ბარსელონელთა თავკაცმა ხავიმ ანჩელოტის 5 თამაშიდან 3 მოუგო, ამასთანავე, მან როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კარიერაში საერთო ჯამში „რეალთან“ 10 დაპირისპირება მოიგო.
„ბარსელონას“ კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი „ელ კლასიკოში“ მოგებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა – 22. მან ლეგენდარული აწ გარდაცვლილ ფრანსისკო ჰენტოს (21) რეკორდი გააუმჯობესა. მის შემდეგ კატალონიელთა ექსფეხბურთელები ხერარდ პიკე და ლიონელ მესი მოდიან 19-19 გამარჯვებით.
ამასთანავე, განვლილი “კლასიკო” ბუსკეტისთვის 46-ე აღმოჩნდა და მან როგორც “რეალის” ექსკაპიტნის სერხიო რამოსის, ასევე მესის რეკორდი გააუმჯობესა.
„ბარსელონას“ გერმანელი მეკარე „კლასიკოში“ ჩატარებული 6 „მშრალი“ მატჩით „რეალის“ ლეგენდას იკერ კასილასს გაუტოლდა.
1/2-ფინალის მეორე წყვილში “ოსასუნამ” შინ ბილბაოს “ატლეტიკი” 1:0 დაამარცხა. ესპანეთის თასზე საპასუხო შეხვედრები 5 აპრილს გაიმართება.





