იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ტურინის „იუვენტუსის“ 5:1 განადგურებას ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა ზღაპრული ღამეა!“- დაწერა საქართველოს ნაკრების გარემარბმა, რომელმაც განვლილ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, შეხვედრაში ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც კვარაცხელიამ „მაკრატელა“ დაარტყა და შჩესნის მოგერიებულ ბურთს ოსიმჰენმა თავით დაამატა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ის მხოლოდ ოსიმენს ჩამორჩება – 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. ხვიჩამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, 12 საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.
“იუვენტუსმა” 5 გოლი სერია A-ში 1993 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ, ტურინელებმა “პესკარასთან” 1:5 წააგეს და მეტოქიდან ერთი გოლი “იუვეს” ამჟამინდელმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გაიტანა.
“ნაპოლიმ” არსებობის ისტორიაში “იუვენტუსს” იტალიის ჩემპიონატში 5 გოლი მეორედ გაუტანა – პირველად ეს 1998 წელს მოხდა, როდესაც ნეაპოლელებმა 5:3 მოიგეს.
ნეაპოლელებს “იუვეს” ბოლო 3 შეხვედრიდან 2 მოუგეს და ერთხელ მეტოქეები ფრეზე გაიყარნენ.
„ნაპოლის“ 47 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს – „იუვენტუსსა“ და „მილანს“ 10 ქულით ასწრებს.




