გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის მიმდინარე წლის ბოლო მატჩი ავსტრიის ბუნდესლიგაში ვერ მოიგო.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი გრაცელები სტუმრად ლასკ-ს შეხვდნენ და მხოლოდ ქულა აიღეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 76-ეზე გაიტანეს.
„შტურმი“ 33 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 6 ქულით ჩამორჩება.
„ჟილ ვისენტეს“ სასტარტო შემაგენლობაში ისევ ვერ მოხვდა გიორგი აბურჯანია. პორტუგალიის პრემიერა ლიგის მე-13 ტურში ბარსელუშელები სტუმრად ლიდერ „ბენფიკას“ შეხვდნენ და 1:3 წააგეს. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩში ოთხივე გოლი გასული იყო. მან მიმდინარე სეზონში „ჟილ ვისენტეს“ მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა და სასტარტოში 2-ჯერ დაიწყო. „ჟილ ვისენტე“, რომელმაც გასულ სეზონში კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა 9 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.





