მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი მატჩი წააგო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად თანაქალაქლ „რაიო ვალეკანოსთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები მე-5 წუთზე სამი კომესანიამ დააწინაურა, ხოლო 37-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე ედერ მილიტაომ „რეალი“ წინ გაიყვანა. 44-ე წუთზე „რაიო ვალეკანოდან“ თავი ალვარო გარსიამ გამოიჩინა.
67-ე წუთზე დანი კარვახალმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრმა პენალტი დანიშნა. ოსკარ ტრეხოს დარტყმული ტიბო კურტუამ კი მოიგერია, მაგრამ ორივე ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა და მსაჯმა მასპინძლებს მეორე შანსი მისცა. ამჯერად, ტრეხომ „რეალის“ კარი აიღო და მადრიდელებს ლა ლიგაში პირველი მარცხი აგემა. 21-ე საუკუნეში ეს გუნდები ერთმანეთს 20-ჯერ შეხვდნენ და „რეალმა“ 18-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 2-ჯერ წააგო. “რაიო ვალეკანომ” 1977 წლის შემდეგ პირველად “რეალს” სამი გოლი გაუტანა.
“რეალს” 32 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა – ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, “ბარსა” ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ცხრილში პირველად გალიდერდა. ხავის მწვრთნელობის პერიოდში მსგავსი რამ პირველად მოხდა.





