კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელი „საბურთალო“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა – 3:1.
თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მე-13 წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის შორი მანძილიდან სახიფათო დარტყმის შემდეგ, თორნიკე მეგრელიშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-20 წუთზე „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს საბა მამაცაშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ირაკლი სიხარულიძემ მასპინძლების ცენტრალურ მცველებს აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 24-ე წუთზე უსმანე კამარამ წამოიწყო მეტად ლამაზი კომბინაცია, რომელიც დინამოელებმა ერთი შეხებით გაითამაეს და გვინეელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა – 1:1.
28-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარის გასწვრივ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და კამარამ ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. 36-ე წუთზე მოისწრაფიშვილი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და პასი იმრანს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა და მეგრელიშვილი თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან იხსნა – ბურთი ხელებში „გააქვავა“.
ტაიმის მიწურულს მარჯვნიდან კირკიტაძის გარღვევისა და ჩაწოდების მერე, მოისწრაფიშვილმა თავით ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში კამარამ საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერად დაარტყა და „ცხრიანში“ გაიტანა – 2:1.
56-ე წუთზე გვერდითი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გურამ გოშთელიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა გიორგი ელიკაშვილს მიაყენა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ემოცია ვერ მოთოკა და უმალვე მეორედ გააფთხილეს, რის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
57-ე წუთზე საბა ხვადაგიანი გრძელია და რაც მთავარია ზუსტი გადაცემის შემდეგ, „საბურთალოს“ მცველებმა და კარიდან გამოსულმა მეგრელიშვილმა შეუთანხმებლად ითამაშეს, ხოლო მოისწრაფიშვილმა მკერდზე ბურთი მშვიდად გაიჩერა და ცარიელ კარში შეაგდო – 3:1.
„დინამოს“ ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლო, მაგრამ ჯერ კამარამ ახლო მანძილიდან მიცემული შანსით ვერ ისარგებლა, შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გაბრიელ სიგუამ თავით დაარტყა და კარს სანტიმეტრებით ააცილა,
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა „დინამომ“ 72 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო თემურ შალამბერიძის დამოძღვრილი „საბურთალო“ 44 ქულით მეექვსეა.
32-ე ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ზესტაფონში „თელავი“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. შეხვედრაში ერთიდაერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესული ირაკლი ბუღრიძის ჩაწოდების შემდეგ სტუმართა სერბმა ნახევარმცველმა სტრაჰინია პავიშიჩმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ თავი 49 ქულას მოუყარა და მეოთხეა, ხოლო გია ცეცაძის „თელავი“ 34 ქულით მეშვიდეა.




