„ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მე-12 ტურში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა „სასუოლოს“ უმასპინძლა, რომელიც „კერკეტ კაკალად“ მიიჩნევა, თუმცა უპრობლემოდ სძლია, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის და ნიგერიელი ოსიმენის დამსახურებაა.
მატჩის მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დი ლორენცოს ჩაწოდების მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ თავით შორეულ კუთხესთან პასი ოსიმენს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-19 წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ერთ მცველს გაცდა და ზუსტი პასი გაუკეთა ოსიმენს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:0.
36-ე წუთზე მარიო რუის ძალიან ზუსტი გადაცემის შემდეგ, კვარაცხელიამ სტუმართა საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი ზუსტად დაარტყა – 3:0. ხვიჩა 71-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრაში საბოლოო წერტილი ოსიმენმა დასვა, რომელმაც 77-ე წუთზე ჰეთ თრიკი გაიფორმა – მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 4:0.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი (6 სერია A-ში და 2 ჩემპიონთა ლიგაში) გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „მოიპოვა“. ის მიმდინაერე სეზონში ნეაპოლელების მიერ გატანილ 18 გოლში მონაწილეობდა. კვარაცხელიამ სერია A-ს 12 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩა ბომბარდირთა დავაში ამ დროისთვის მესამეა, ლიდერები კი ვიქტორ ოსიმენი (7 გოლი, 1 საგოლე პასი) და მარკო არნაუტოვიჩი (7 გოლი) არიან.
იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც სერია A-ში სადებიუტო სეზონი ჰქონდათ, პირველ 12 ტურში ხვიჩა კვარაცხელიაზე შედეგიანი სტარტი, გოლი+პასის მანჩვენებლით, მხოლოდ დიეგო მილიტოსა (15) და კრიშტიანო რონალდუს (13) ჰქონდათ. ზედიზედ 14 თამაშია, რაც ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გამარჯვებული გადის (2 საქართველოს ნაკრები, 12 ნაპოლი). ამ 14 თამაშში ხვიჩას ანგარიშზე 7 გოლი და 8 საგოლე პასია. 39 თამაშია, რაც ხვიჩა დაუმარცხებელია. ბოლოს მან 20 მარტს წააგო (მოსკოვის ცსკა-სთან). 23 გოლი, 14 საგოლე პასი წაუგებელ 39 მატჩში. ამ 39 თამაშიდან მისმა გუნდებმა (ნაპოლი, დინამო ბათუმი, საქართველოს ნაკრები) 29 მოიგეს. 2022 წელს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 თამაშში, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 24 გოლი და 16 საგოლე პასია.
„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირში ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო. ნეაპოლელები 32 ქულით იტალიის ჩემპიონატში ლიდერობენ. სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად „ლივერპულთან“ ჩაატარებენ.

ლაშა თაბაგარი





