„ფეჰერვარმა“ ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან მოკვეთა

0
105

ბუდუ ზივზივაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე „ფეჰერვარის“ პირველ გუნდში ვერ ივარჯიშებს.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გადადებულ შეხვედრაში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართა, „ფეჰერვარმა“ შინ „უიპეშტთან“ 0;1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოედანზე შეცვლაზე შევიდა და 17 წუთი ითამაშა.
მატჩის შემდეგ „ფეჰერვარის“ განრისხებულმა ფანებმა თავის ფეხბურთელებს მაისურების გახდა მოთხოვეს. ამავე დროს, „უიპეშტის“ ფანებმა ტაში ზივზივაძეს დაუკრეს, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ ამ გუნდში გაატარა და 11 გოლი გაიტანა. ზივზივაძეს ეს ჟესტი დააფასა და ფანებს ტაშით უპასუხა. გარდა ამისა, ყოფილ თანაგუნდელ ვინსენტ ონოვოს მაისური გაუცვალა და თავად ჩაიცვა.
მომხდარმა როგორც „ფეჰერვარის“ ფანების, ასევე კლუბის ხელმძღვანელების აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, ზივზივაძე პირველი გუნდიდან მოკვეთეს და იანვრამდე სარეზერვო გუნდში ივარჯიშებს.
„ორშაბათს, “უიპეშტთან” მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფორვარდმა აშკარად უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თავისი თანაგუნდელების მიმართ. ამიტომ ის პირველი გუნდიდან მოკვეთილია. დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვსურს” – ნათქვამია „ფენერვარის“ ოფიციალურ განცხადებაში.