მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში მორიგი რეკორდები დაამყარა. F ჯგუფის მე-4 ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დონეცკის „შახტარს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ვარშავაში გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე ანგარიში ზუბკოვმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე რუდიგერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. გერმანელი მცველი გოლის გატანის ეპიზოდში “შახტარის” მეკარეს შეეჯახა და შუბლზე 20 ნაკერი დაადეს.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპი 31-ედ დაძლია რაც რეკორდია. გარდა ამისა, მადრიდელები პლეი-ოფში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეთორმეტედ გავიდნენ, რაც ასევე რეკორდია. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულსა და ლა ლიგის ჩემპიონს ზედიზედ 13 თამაშია არ წაუგია. მომდევნო შეხვედრას „რეალი“ 16 ოქტომბერს თავის მოედანზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.
F ჯგუფის მეორე მატჩში გერმანულმა „ლაიფციგმა“ სტუმრად გლაზგოს „სელტიკი“ 2:0 დაამარცხა. ლაიფციგელებიდან 75-ე წუთზე ანგარიში ვერნერმა გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე ფორსბერგმა საბოლოო წერტილი დასვა.





