„სევილიას“ ხორხე სამპაოლი გაწვრთნის, რაც კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. არგენტინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან ხულე ლოპეტეგი შეცვალა.
სამპაოლისთვის „სევილია“ უცხო არაა, რადგან ანდალუსიელებს 2016-2017 წლების სეზონშიც ავარჯიშებდა. ის გასულ სეზონში ფრანგული „მარსელის“ თავკაცი იყო. სამპაოლი კარიერის განმავლობაში ჩილესა და არგენტინის ნაკრებებსაც წვრთნიდა. მან ჩილელებთან ერთად 2015 წელს კოპა ამერიკა მოიგო.





