გორის “დილამ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი წააგო და წარუმატებელი სერია შინ თბილისის “საბურთალოსთან” შეწყვიტა, რომელსაც ანალოგიური შედეგი ჰქონდა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას 2 ტაიმის განმავლობაში ფლობდა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. მე-5 წუთზე “დილამ” კუთხური გაითამაშა და თორნიკე კაპანაძის დარტყმის ემდეგ მცველს მოხვდა ბურთი, რომელსაც გორელთა კაპიტანი ბრაზილიელი ალეფ სანტოსი დაეუფლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. ტაიმის შუაწელში თორნიკე მოსიაშვილმა დაახლოებით 18 მეტრიდან გაგზავნა ბურთი მეტოქის კარის მიმართულებით და მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში მასპინძლების კონტრშეტევა ბარბადოსელმა ტიერი გეილიმ დაიწყო, რომელიც ორ მეტოქეს გაექცა და პასი სენეგალელ ონორე გომისს მისცა, რომელმაც საჯარიმოში არშესულმა დაარტყა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
33-ე წუთზე საბურთალოელთა საჯარიმოში შეჭრილი გეილი გიორგი ჩადინელს უპრობლემოდ გასცდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი ქურდაძემ ფეხით მოიგერია. 36-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ლევან ნონიკაშვილმა ბურთი “დილას” კართან ჩაჰკიდა და შოთა ნონიკაშვილის თავურის მერე უკრაინელმა მეკარე დანილო კანევცევმა თავისი გუნდი ნახტომში გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გორელთა უკრაინელმა ლეგიონერმა იური ბატიუშიმ,ა შორი მანძილიდან “გაისროლა” და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 51-ე წუთზე კაპანაძემ სტუმართა საჯარიმოში ბურთი ფეხებს შორის ჩადუნელს გაუძვრინა და ქურდაძესთან პირისპირ დარჩენილმა სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა. 55-ე წუთზე ჩიტეიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ეფექტური გოლით მასპინძლები კიდევ უფრო დაწინაურა. 72-ე წუტზე კაპანაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში შესულმა გიორგი ჯინჯოლავა ისე მოატყუა, რომ საბურთალოელი მცველი დაეცა, ხოლო “დილას” ფორვარდმა მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
თბილისელებს ერთი ბურთის გაქვითვა მალე შეეძლოთ, თუმცა მარცხენა ფლანგიდან საბა მამაცაშვილის ჩაწოდების შემდეგ, გურამ გოშთელიანმა ახლო მანძილიდან თავით ბურთი კარს ააცილა.
მატჩის ბოლო წუთზე “დილას” მცველები თავის ნახევარზე შეცდნენ და კანევცევთან ერთი-ერთზე გასული ლევან ნონიკაშვილის დარტყმის მერე, უკრაინელმა ბურთი მოიგერია.
“დილამ” 37 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო ლაშა ნოზაძის გაწვრთნილი “საბურთალო” მიჯრით 4 მარცხის მერე 30 ქულით მე-6 პოზიციაზეა.





