კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. 21-ე ტურში „სიონთან“ ჩატარებული შეხვედრის მსგავსად გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ისევ სამი გოლი გაუტანა, იმ განსხვავებით, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია.
მატჩში პირველი სახიფათო მომენტი გორელებმა შექმნეს, როდესაც რევაზ ჩიტეიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში ანრი ჭიჭინაძე აღმოჩნდა, რომლის დარტყმულ ბურთს „დინამოს“ მცველი რომ არ შეხებოდა, შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო.
ამ ეპიზოდიდან ათ წუთში გვინეელმა უსმანე კამარამ, რომელიც ტრადიციულად მარცხენა ფლანგზე აქტიური იყო, სტუმართა საჯარიმოში იმრანი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით სახიფათოდ დაარტყა და უკრაინელმა მეკარე დანილო კანევცევმა ბურთი მოიგერია. 30-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს კამარა ორ მცველს გაექცა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ კანევცევი ბურთს ადგილზე დახვდა. ცოტა ხანში, ახლო მანძილიდან „დილას“ კარს იმრანი დაემუქრა და უკრაინელი გოლკიპერი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
32-ე წუთზე გორელთა ნახევარზე მყოფმა „დინამოს“ კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გამოზომილი გადაცემით კანევცევთან პირისპირ გიორგი მოისწრაფიშვილი გაიყვანა, რომელმაც უკრაინელს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 1:0.
ტაიმის მიწურულს კამარას დაწყებული კომბინაცია მოისწრაფიშვილმა გააგრძელა და კანევცევს იმრანი შეატოვა, ამ უკანასკნელმა კი ვიზავის ვერ აჯობა.
51-ე წუთზე იმრანმა დროულად შეაყოლა ბურთი „დილას“ საჯარიმოში გახსნის სხირტლაძეს, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:0. მალე, თბილისელთა კაპიტანს დუბლის შესრულება შეეძლოა, თუმცა კარგი პოზიციიდან მისი დარტყმული კანევცევმა გაანეიტრალა. ამას მოისწრაფიშვილის მომენტი მოჰყვა, რომელსაც კარი ისევ უკრაინელმა არ დაანება.
61-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ შორი მანძილიდან „გაისროლა“ და მასპინძლები დავით კერესელიძემ გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა. ხუთ წუთში უკვე ჭიჭინაძემ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 66-ე წუთზე თამაშში ლუკა პარკაძე ჩაერთო, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიუნხენის “ბაიერნთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან “დინამოში” ოფიციალური შეხვედრა პირველად ჩაატარა.
75-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კამარას ჩაწოდების შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა გაბრიელ სიგუამ თავით გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ, ბარბადოსელმა გეილმა ბურთი შორეულ კუთხეში „მოჭრა“ და კერესელიძე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდა.
შეხვედრაში წერტილი გიორგი გაბედავამ დასვა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან სიგუას ჩაწოდების შემდეგ „დილას“ საჯარიმოში ყველას დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა – 3:0.
„დინამო“ 44 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“, რომელმაც მიჯრით მეორე თამაში წააგო 34 ქულით მეოთხეა.
დღეს, 22-ე ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება შედგა – ბოლნისში „სიონი“ და წყალტუბოს „სამგურალი“ უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ თავი 38 ქულას მოუყარა და მესამე პოზიციაზე, „სიონი“ კი 22 ქულით მეცხრეა.




