თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის შეძენით ჯერ არავინ დაინტერესებულა. მან ამ თემაზე დინამოელთა პრესსამსახურთან ისაუბრა.
რომან ფიფია: „როგორც გუნდის მთლიანად გასხვისებასთან, ასევე პარტნიორობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მხოლოდ მოლაპარაკება და რამდენიმე გამოხატული ინტერესი არის.
სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოდან ინტერესი არავის გამოუხატავს – არც იმ ხალხს ვისაც შეუძლია დღეს „დინამოში“ უფრო მეტი საშუალება ჩადოს და გუნდი განვითარების სხვა ეტაპზე გაიყვანოს.
ევროტურნირზე ჩატარებულმა ბოლო თამაშებმა ნათლად დამანახა, რომ ის სახსრები რასაც მე „დინამოში“ ვხარჯავ საკმარისი არაა. ამიტომ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ეს არაა კომერციული ობიექტი, რომელსაც შეგიძლია როგორც გინდა ისე მოეპყრო.
თბილისის „დინამო“ 2011 წლიდან ინფრასტრუქტურულად ძალიან განვითარდა, რაც მანამდე არ მომხდარა. მე არ ვგულისხმობ გაგრაში რომ სახელმწიფო ობიექტები იყო. ამიტომ დამნახავი ამას დაინახავს, ხოლო დაუნახავი არც შეხედავს.
კარგი იქნება თუ „დინამოს“ შეძენის სურვილი ქართველს ექნება, თუნდაც ემიგრანტი იყოს და საქართველოში არ ცხოვრობდეს. შესაძლოა, ვინმე მოლოდინის რეჟიმშია. მთავარი ფინანსებია – რაც დღეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება, ის თბილისის „დინამოსაც“ სჭირდება. „დინამოს“ დღეს ყველაფერი აქვს. აუცილებელია გუნდში ისეთი ტენდეცია ჩამოყალიბდეს, რომ „დინამოს“ მუდმივად ძალიან ტექნიკური და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ჰყავდეს. დანარჩენი „დინამოს“ ყველაფერი აქვს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს გუნდს აკადემიიდან ავსებენ, სრულებით საკმარისია. უბრალოდ, ამას რეალურად ფინანსები სჭირდება.
თუ ეს მე ვერ ვნახე და არ დამაკმაყოფილა, იმას რასაც ვაკეთებ თბილისის „დინამოში“ – მუდმივად ვიბრძვი ჩემპიონობისთვის და საპრიზო ადგილისთვის, ამას ხვალაც გავაკეთებ. ამაზე მეტია გასაკეთებელი და ეს ნაბიჯი ამიტომ გადავდგი. არ ეგონოს ხალხს, რომ მე ამ სკამზე ვარ ჩაბღაუჭებული და არიქა ვინმემ არ გამომაცალოს. არა ბატონებო. თუ ეს მზადყოფნა არის, მზად ვარ განვიხილო წინადადებები.
2015 წლამდე „დინამომ“ სამი პლეი-ოფი ითამაშა. ეს ის წლები იყო, როდესაც გუნდს ბიზნესიდან მყარი მხარდაჭერა ჰქონდა – ეს ჩემი საკუთრება რუსთავის „აზოტი“ იყო. უბრალოდ, მაშინ „დინამოს“ არ გაუმართლა და ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავედით. გუნდი კარგად თამაშობდა და მომავალი 7 წლის განმავლობაში ჯგუფურ ეტაპზე რამდენჯერმე გავიდოდით. თუმცა, სამწუხაროდ უსამართლობა მოხდა. ერთმა ჯგუფმა, შესაძლოა ითქვას ორმაც „აზოტი“ უკანონოდ მიითვისა. მე სამართლებრივ პროცესში ვარ ჩართული. სწორედ ამ წლიდან „დინამოს“ დააკლდა ფინანსები. მე მუდმივად საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოში ბიზნესი არ მაქვს. 2015 წლიდან საქართველოში შემოსავალი ერთი ლარი არ მქონია. ამის მიუხედავად მე რაც შემიძლია „დინამოს“ ყველაფერს ვუკეთებ.
მე ვფიქრობ „დინამო“ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. „დინამოში“ უამრავი ადამიანი მუშაობს და სამსახურიდან არავინ გამიშვია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. მე „დინამოს“ დღესაც და ხვალაც შემიძლია ასე გავუძღვე, მაგრამ ეს საკმარისი არაა. პასუხისმგებლობამ გადამადგმევინე ეს ნაბიჯი. გასაგებია, რომ ბიზნესი მაქვს და სამართლებრივ დავაში ვარ, მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა, ვისაც „დინამო“ უყვარს და გამარჯვებას ელოდება.
„დინამოს“ რომ ინფრასტრუქტურისთვის ინვესტორი არ სჭირდება, რომელიც რაღაცას დაამატებს, ეს ფაქტია. ფაქტობრივად, ესაა „მერსედესი“, რომელსაც მუდმივად საწვავი არ უნდა მოაკლო და ფინიშამდე გაგიყვანს.
2013 წელს კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა ეს აკადემია. რა მივიღეთ დღეს? იმ ხალხისთვის ვლაპარაკობ, რომლებიც ამას შეგნებულად არ უყურებენ. მამარდაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე – დღეს საქართველოს ნაკრები მათზე დგას. ლოჩოშვილი ცოტა ხნის წინ იტალიის სერია A-ს კლუბში გადავიდა.
სულ ახალი თემა ესაა პარკაძე, როდესაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოთამაშე ჩვენი ჩემპიონატიდან მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს.
ეს ნაბიჯი მხოლოდ იმ ხალხის პატივსაცემად გადავდგი, რომლებმაც უნდა გაიგონ, რომ ამას პირველ ყოვლისა მათთვის ვაკეთებ. შემეძლო გამეგრძელებინა და სასამართლოს გადაწყვეტილებას დავლოდებოდი. ალბათ, ისინიც მისმენენ, ვინც პასუხი ამ ქმედებებზე უნდა აგოს. სამართალმა პურის ჭამა იცის და მე მივალ მაგ ეტაპამდე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არის მზადყოფნა შემიძლია მოლაპარაკების მაგიდას ხვალიდან მივუსხდე. უცხოური ქვეყნებიდან დაინტერესება არის და არ მინდა ისინი ჩამოვთვალო, ერთი დიდი კომპანიაა. ერთი კომპანია პრაქტიკულად არასასურველი ქვეყნიდანაა. ამიტომ, ჯერ ამ პროცესში ვარ. გუნდი მუშაობს, სტაფი მუშაობს, მენეჯმენტი მუშაობს. მე ვიდრე ვარ დაკავებული საქმეებით რასაც გასხვისება ან პარტნიორობა ჰქვია, ამ მხრივ მგონი „დინამოს“ არაფერი დააკლდება.
პარტნიორს გააჩნია. თუ ის აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ „დინამოში“ ჩემი პარტნიორი გახდეს, მზად ვარ პრეზიდენტის თანამდებობა დავუთმო. ამისთვის აუცილებელი არაა ეს ადამიანი საკონტროლო პაკეტს ფლობდეს. ამას ღიად ვაფიქსირებ. მე მხოლოდ „დინამოს“ კეთილდღეობა მინდა.
„დინამოში“ ათეულობით მილიონი ჩავდე. „დინამოს“ აკადემიაში პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით ვარსკვლავები გავზარდე იმ „ოქრო“ ხალხთან ერთად, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, რათა ბავშვები ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ,.
შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია. შეცდომა მეც მომსვლია, მაგრამ ყველაზე მძიმე უმადურობაა. ამიტომ, მე რომ მართალი ვიყო ჩემს აქტიურ ქომაგებთან ამ ნაბიჯს ვდგამ. მე მათ ვეუბნები – თუ ვინმე მზადაა, მე მზად ვარ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ უზარმაზარ თანხაზე რაც ჩადებულია, ადამიანურ რესურზე არ ვლაპარაკობ, პასუხია გასაცემი. თუ ვინმეს აქ მოსვლა უნდა, „სამოთხის ბაღში“ როგორც ამ ადგილს დღეს ჰქვია, რაც „დინამოშია“, მზად ვარ შევხვდე და ვაჩვენო ხალხს, რომ ამ ადამიანს „დინამოს“ სხვა ეტაპზე გადასასვლელად ფულის დახარჯვა შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას ექვსი წლის წინ გავაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ ის რეალობაა, რაცაა.
ამიტომ, ერთმანეთს თვალის გავუსწოროთ. ვეუბნები იმათ ვინც უნდა მოვიდეს და იმათ ვინც ფიქრობს, რომ რაღაცას ვეპოტინები. მე არაფერს ვეპოტინები. 11 წელი „დინამოს“ დავარცხნაში, სიყვარულში და მოფერებაში გავატარე. ეს ჩემი ოჯახია. ეს უბრალოდ რაღაც გუნდი არაა. მე ვიტყოდი, ეს ქვეყნის სახეა“.





