კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „გაგრას“ ესტუმრა და 3 ქულის აღება არ გასჭირვებია.
ბათუმელებმა შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილი გარეშე ჩაატარეს, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ივნისის სანაკრებო ფანჯრის შემდეგ დაასვენა. ორივე ფეხბურთელმა თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა. „გაგრას“ სასტარტოში ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია არ იყო, რომელიც თამაშში შესვენების მერე ჩაერთო.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბათუმელებმა კუთხური გაითამაშეს და სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სადაც მყოფმა ოლეკსანდ აზაცკიმ თავით პასო შორეულ ძელთან მყოფმ მამუკა კობახიძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1.
52-ე წუთზე, თორნიკე გაფრინდაშვილმა მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ბექა ქურდაძემ ნახტომში გუნდის გოლის გაშვებისგან ვერ გადაარჩინა – 0:2.
61-ე წუთზე, გაფრინდაშვილმა დროულად შეაყოლა ბურთი გაგრელთა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ ვლადიმერ მამუჩაშვილს, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 70-ე წუთზე გაფრინდაშვილი ქურდაძესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ „გაგრას“ მეკარეს ბურთი ვერ ააცილა.
72-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ 33 ქულით 10-გუნდიან ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის დამოძღვრილი „გაგრა“ 17 ქულით მერვეა.
მიმდინარე სეზონში თბილისის „ლოკომოტივმა“ პირველი შეხვედრა მოიგო. ალექსანდრე ინწკირველის გაწვრთნილმა გუნდმა დედაქალაქურ დერბიში „საბურთალოს“ უმასპინძლა, სადაც მთავარი მწვრთნელის რანგში ლაშა ნოზაძის დებიუტი შედგა და 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის 22-ე წუთზე „ლოკომოტივის“ და „საბურთალოს“ ექსთავკაცის გიორგი ჭიაბრიშვილმა შვილმა ირაკლი ჭიაბრიშვილმა მეტოქის კარის მას მერე აიღო, რაც თორნიკე მეგრელიშვილმა შოთა შეყილაძის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია.
56-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბექა დარციმელიამ ბურთი სტუმართა კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველაზე მაღლა ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ახტა და თავით გაიტანა.
76-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საბა მამაცაშვილმა მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი ირაკლი სიხარულიძემ მიიღო და დარტყმას აპირებდა, მაგრამ იქვე მყოფმა ბრაზილიელმა ჟულიუ ვინისიუსმა დაასწრო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი მიითვალა.
„საბურთალო“ 23 ქულით მეხუთეა, „ლოკომოტივი“ კი სამი ქულით ბოლოა.






