საფეხბურთო “სპექტაკლი” “სიტისა” და “რეალის” შესრულებით

0
47

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” და “რეალმა” “ეტიჰადზე” ისეთი სანახაობა შემოგვთავაზეს, რომლის მსგავსს ხშირად ნამდვილად ვერ ნახავ. როგორც პეპ გვარდიოლასს, ასევე კარლო ანჩელოტის გუნდებმა უმაღლესი დონის ოსტატობა გამოავლინესა და გულშემატკივარმა არაერთი ლამაზი გოლი იხილა.
მატჩის მე-2 წუთზე რიაჰ მაჰრეზი მარჯვენა ფლანგიდან ბურთიანად ცენტრისკენ შეიწია, სამ მეტოქეს გაცდა და გამოზომილი გადაცემა გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ კევინ დე ბრუინს, რომელმაც დანი კარვახალს დაასსწრო და თავით გაიტანა – 1:0. მე-11 წუთზე მარცხენა ფლანგიდან დე ბრუინის გადაცემის მერე, ჟესუსმა ალაბასთან ორთაბრძოლაში ბურთი ისე მიიღო, რომ ავსტრიელი მცველი სახტად დატოვა და ზუსტად დაარტყა – 2:0. “რეალმა” თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში მე-11 წუთისთვის 2 გოლი პირველად გაუშვა.
33-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მენდიმ მანჩესტერელტა საჯარიმოში ქარიმ ბენზემა ნოძებნა, რომელმაც ზინჩენკოს დაასწრო და ერთი შეხებით ეფექტური ბურთი შეაგდო – 1:2. 53-ე წუთზე, “რეალმა” თავისი ნახევრიდან ბურთის ამოტანის დროს შეცდომა დაუშვა, რითაც ფერნანდინიომ ისარგებლა და მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა ბურთი თავზე მადრიდელთა კარის წინ მყოფ ფოდენს “დაასვა”, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:3. 55-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა შედევრი შემოგვთავაზა, როდესაც მარცხენა ფლანგზე ფერნანდინიოს ლამაზი ფინტით გაექცა, თითქმის 50 მეტრი ბურთიანად ირბინა და ედერსონს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა – 2:3. 74-ე წუთზე, მასპინძლებიდან თავი ბერნარდუ სილვამ გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოში შესულმა ძლიერი დარტყმით ბურთი ტიბო კურტუასგან მარჯვენა მაღალ კუთხეში მოათავსა – 4:2. ამ ეპიზოდში ბელგიელმა მეკარეს უკეთესად თამაში მართებდა. “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში 4 გოლი 2019 წლის მარტის მერე პირველად გაუშვა.
82-ე წუთზე, მადრიდელთა შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, ერიკ ლაპორტს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბენზემამ გამოიყენა – “პანენკა” დაარტყა. ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 14 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია. მან ამ სეზონში 40 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში მე-5 ფეხბურთელია, ვინც ეს მოახერხა. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდამდე ერთი ბურთი აკლია. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაში 85 გოლი გაიტანა – მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რონალდუს, ლიონელ მესის და რობერტ ლევანდოვსკის აქვთ.
პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში “რეალი” მეთორმეტედ დაამარცხა. ამაზე მეტჯერ მას მხოლოდ “ბარნლისთვის” და “არსენალისთვის” მოუგია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 4 მაისს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.