პსჟ არსებობის ისტორიაში საფრანგეთის ჩემპიონი მეათედ გახდა. ლიგა 1-ის 34-ე ტურში პარიზელები შინ „ლანსს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილს გუნდს 78 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „მარსელს“ 16 ქულით ასწრებს. პსჟ ქვეყნის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით „სენტ-ეტიენს“ გაუტოლდა, ხოლო „მარსელს“ 9 ტიტული აქვს. პოჩეტინომ სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. მანამდე, მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი და თასი მოიპოვა.
„ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ პსჟ-ს არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ პირველი საკლუბო ტიტული მოიპოვა. მის მსგავსად „რეალიდან“ წასვლის მერე ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა პირველი ჯილდო მოიგო.
ბოლო 10 წლის მანძილზე პსჟ-მ ჩემპიონატი მერვედ მოიგო – „ლილს“ და „მონაკოს“ თითო გამარჯვება აქვთ.





