ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონა“ სტუმრად „რეალ სოსიედადს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ხავის გაწვრთნილი გუნდიდან ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა. გაბონელმა ფორვარდმა, რომელიც კატალონიელებს ზამთარში შეუერთდა 11 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის მხოლოდ ნიდერლანდელ მემფის დეპაის ჩამორჩება, რომელმაც 22 შეხვედრაში 10 გოლი მიითვალა. ობამეიანგი ბრაზილიელი რომარიოს (1993), რონალდოს (1996) და შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის (2010) შემდეგ “ბარსელონას” მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც თავის საწყის 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
სერხიო ბუსკეტსმა „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირში 675 მატჩი ჩაატარა. მან ამ მაჩვენებლით ინიესტას გაასწრო – მხოლოდ ლიონელ მესის (778) და ხავის (767) ჩამორჩება. 33 წლის ბუსკეტს, რომელიც გუნდის კაპიტანია, „ბლაუგრანაში“ დებიუტი 2008 წელს ჰქონდა.




