12 თებერვალს, ბრიუსელში, უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.
ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
ბრიუსელში გამართულ წილისყრას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტები – ალექსანდრე იაშვილი, ზაზა ზამთარაძე და აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩების ზუსტი კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა.
საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ და ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ ბევრად წარმატებულად შეგვიძლია თამაში. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში — ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“.
ლაშა თაბაგარი





