წყალტუბოს “სამგურალმა” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სომხეთის “ალაშკერტთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება.
25-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გოგია მეტოქეს გასცდა და მცველებს შორის საჯარიმოში კლაუდიოს კარგი პასი გაუკეთა, ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარე და მცველები შეცდნენ, ბრაზილიელმა ხორხელს პასი არ დაუყოვნა და ნიკამაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0
50-ე წუთზე წყალტუბოელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ველისოლმა მარჯვენა ფლანგზე ქუსლით კარგად დაუტოვა ბურთი ხორხელს, ნიკამ საჯარიმოს გარეთ ცოტნე ბერელიძე მოძებნა, რომელმაც უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით მეტოქეს ახლო კუთხეში გაუტანა -2:0.
მალე სომხებმა სტატუს ქვო აღადგინეს. წყალტუბოელები ბურთის ამოტანისას შეცდნენ და ანგარიში 2:1 გახდა.
დაახლოებით მე-60 წუთიდან გიორგი ონიანმა თითქმის მთელი გუნდი გამოცვალა, თუმცა წყალტუბოელთა სათამაშო უპირატესობა არ შენელებულა. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ლევან პაპავას, თუმცა ამჯერადაც მეკარემ შეძლო რთული ბურთის მოგერიება. თავის მხრივ რთული ბურთი აიღო არსენ სიუკაევმაც.
მატჩის ბოლოს ირაკლი ჯანჯღავას გადაცემის შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდომ საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
წყალტუბოელებმა ,,ალაშკერტთან” შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: კუტალაძე, გეგეჭკორი, მანჯგალაძე, რაიანი, გოგია, ვინისიუსი, ბერელიძე, ჟანი, ხორხელი, ველისოლი, კლაუდიო.
შეცვლაზე შევიდნენ: სიუკაევი, ჯანჯღავა, კვარაცხელია, შერგელაშვილი, აფციაური, იაშვილი, ჯეფინიო, გოგოლაშვილი, ჩხეტიანი, პაპავა.
ლაშა თაბაგარი





