„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში სტუმრად „ოსასუნასთან“ 2:2 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ის პირველ ტაიმში მეტოქის კარს არ დამუქრებია, ხოლო მეორეში დაახლოებით 22 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი პეპე მცველმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ხერარდ მორენომ გამოიყენა. მე-20 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გარსიამ „ვილიარელის“ კართან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც მუნიოსმა საჰაერო ორთაბრძოლა მასზე გაცილებით მაღალ მარინს მოუგო და თავით ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ოსასინას“ კონტრშეტევის დროს სტუმართა ნახევარზე მყოფმა მონკაიოლამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ანტე ბუდიმირმა თავით შეაგდო. 70-ე წუთზე „ვილიარეალმა“ კუთხური ჩააწოდა და ხერარდ მორენოს თავური ზუსტი აღმოჩნდა.
„ოსასუნასთან“ შეხვედრამდე „ვილიარეალმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო – ორი ესპანეთის ჩემპიონატში და ამდენივე ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე. „ვილიარეალი“ 42 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





