ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში
სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორზი” ლებრონ ჯეიმსისა და ლუკა დონჩიჩის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ესტუმრა და 93:110 დამარცხდა.
პირველი ტაიმი კალიფორნიელებმა ქულით მოიგეს, მესამე პერიოდიდან კი ლეიკერსელთა უპირატესობა გამოიკვეთა.
მოგებულთაგან სამი კალათბურთელი გამოირჩა – 25 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ლოს ანჯელესელთა მეფარე დეანდრე ეიტონმა. 7-7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდათ დონჩიჩსა და ჯეიმსს, ქულებს რაც შეეხება, ლუკამ 25, ლებრონმა კი 24 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 24 წუთი დაჰყო და მწვრთნელის მიერ მიცემული სათამაშო დრო შედეგიანად გამოიყენა. მამუმ 20 ქულა (18 პირველ ტაიმში), 6 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.
“ტორონტო” 25-19 ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 იანვარს, კვლავ ნბა-ში კალიფორნიის წარმომადგენელთან, სტეფ კარის “გოლდენ სტეიტ უორიორზის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





