„მეცმა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე წრე წარუმატებლად დაიწყო. მეცელები სტუმრად „სტრასბურგს“ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში წიტაიშვილი მოხვდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აბუაშვილი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლები მე-12 წუთზე მორეირამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 24-ე წუთზე ანგარიში ჰეინმა გაათანაბრა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 43-ე წუთზე „სტრასბურგი“ წინ გოდომ გაიყვანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლიგა 1-ში გასულ წელს დაბრუნებულ „მეცს“ 12 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





