ბრაზილიელმა სპეციალისტმა ტიაგო გომესმა წყალტუბოს “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება.
” სამგურალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო გომესმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე საჯარო განცხადებით განმარტა წყალტუბოს „სამგურალიდან“ მისი წასვლის მიზეზი.
როგორც ბრაზილიელი სპეციალისტი აცხადებს, მას გააჩნია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაციის კონმებოლ(სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის) PRO ლიცენზია, რომელიც არსებული წესებისა და შეთანხმებების მიხედვით ევროპის საფეხბურთო კლუბებში მუშაობის საშუალებას აძლევს და თავის დროზე სწორედ ამ საფუძველზე დაიწყო თანამშრომლობა ქართულ კლუბთან.
ტიაგო გომესი: “ძალიან გაკვირვებული ვარ ამ ყველაფრით, რადგან მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს, ასევე ვმუშაობდი ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ბრაზილიის სერია A-ში დროებითი მთავარი მწვრთნელის სტატუსით ვიმუშავე ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „გრემიო“ და „სპორტ რესიფე“.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში (AFA) გავლილი კურსის ფარგლებში რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ჩემი გამოცდილება საკმარისი იყო CONMEBOL PRO ლიცენზიის მისაღებად და აღნიშნული ლიცენზია უეფას მიერაც იქნებოდა აღიარებული”.
საკითხი სამართლებრივად განიხილებოდა და შესაბამის ინსტანციებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. გომესის თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში მხარეებს შორის დაცული იყო დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და პროფესიონალიზმი.
ბრაზილიელი მწვრთნელი მადლობას უხდის „სამგურალს“, კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს და აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის გრძნობდა კლუბის მხრიდან მხარდაჭერას.
atiani.ge-ს ინფორმაციით, “სამგურალს” გიორგო ონიანი გაწვრთნის, რომელიც 2023 წლის თებერვლიდან “გაგრას” ავარჯიშებდა და თანამდებობიდან შარშან ოქტომბერში დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





