16 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სფფ-ს ვიცეპრეზიდენტები, ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე საფეხბურთო აკადემიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ს ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი, ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის და სფფ-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ასაკობრივი ნაკრებების ფიზმომზადების მთავარი მწვრთნელის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ფიზმომზადების ერთიანი პროგრამის შემუშავების საკითხი, რაშიც სფფ-მ კლუბებს საკუთარი დახმარება შესთავაზა.
კლუბების წარმომადგენლებთან ასევე განხილული იყო ასაკობრივი ჩემპიონატების ფორმატი და სათამაშო კალენდრის დეტალები.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ს ვიცეპრეზიდენტი): „ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის კომუნიკაცია აუცილებელია, რადგან ასაკობრივი ნაკრებების შედეგები პირდაპირ კავშირშია აკადემიების მუშაობასთან. მათი როლი და აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გავიარეთ სიახლეები, ასევე ვისაუბრეთ საშეჯიბრო კალენდრის დეტალებზე, რათა ფეხბურთელებს შესაძლებლობა ჰქონდეთ სრულყოფილად მოემზადონ თამაშებისთვის.
რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები გასულ წელს ასაკობრივი ნაკრებების მიერ ნაჩვენები შედეგით. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი და მუშაობის გაგრძელება, რომ 2026 წელი ბევრად უკეთესი და წარმატებული იყოს“.
ლაშა თაბაგარი





