გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ ისევ არ ათამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა და 1:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. ქოჩორაშვილს „სპორტინგში“ სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს და ალბათ, უმჯობესია თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარით სახვა კლუბში გადავა.
მიუნხენში გამართული შეხვედრის 54-წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილის სიმოეშის გაკეთებული პასის შემდეგ, კიმიხმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. 65-ე წუთზე ოლესმ კუთხური ჩააწოდა და ლისაბონელთა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გნაბრიმ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. 69-ე წუთზე ლაიმერის გადაცემის შემდეგ, 17 წლის კარლმა, რომელიც გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა, ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა და მეორეთი კარში გადაგზავნა. ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამ თამაშში გოლი გაიტანა. 77-ე წუთზე გნაბრის პასი შეტევაში ჩართულმა ტამ გამოიყენა და საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით შეაგდო.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ბაიერნი“ 15 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის ფაზაში მომდევნო შეხვედრას 2026 წლის 21 იანვარს სახლში ბელგიის „სენ-ჟილთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





